საგადასახადო სიახლეები - ივლისი 2025

2025-07-31

საგადასახადო სიახლეები - ივლისი 2025

შეიცვალა საპენსიო შენატანების ვალდებულების დარღვევის და ჯარიმის დაკისრების წესი 

2025 წლის 30 ივნისს “დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდა ცვლილება. ცვლილების თანახმად, დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში გაიზარდა საურავის მოცულობა და განისაზღვრა თითოეული ვადაგადაცილებული დღისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთზე 5%-ის დამატებით. ცვლილების მიხედვით, დამსაქმებელი არ დაჯარიმდება იმ შემთხვევაში, თუ შეასწორებს/დააზუსტებს საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციას და ამავდროულად საპენსიო ფონდის ბარათზე განახორციელებს შესაბამის საპენსიო შენატანს, როგორც საკუთარი, ასევე დასაქმებულის სახელით.

ცვლილება ძალაშია 2025 წლის1 ივლისიდან

ახალი ვალდებულება თავისუფალი ინდუსტრიული ზონების ორგანიზატორებისთვის

2025 წლის 14 ივლისს ცვლილება შევიდა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ №996 ბრძანებაში, რომლის შესაბამისად თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ორგანიზატორებს/ადმინისტრატორებს ევალებათ საგადასახადო ორგანოში წარადგინონ დეტალური ინფორმაცია თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში რეგისტრირებულ საწარმოთა(მათ შორის მუდმივი დაწესებულების) შესახებ:

· ზონის დასახელება და მისამართი;

· საწარმოს დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, სამართლებრივი ფორმა, საკონტაქტო მონაცემები;

· რეგისტრაციის თარიღი;

· საქმიანობის სახე და აღწერა;

· საქმიანობის უფლების მინიჭების/შეჩერების/შეწყვეტის თარიღი.

საწარმოებმა, რომლებიც დარეგისტრირდნენ 2025 წლის 1 აგვისტომდე, ინფორმაცია უნდა წარადგინონ არაუგვიანეს 2025 წლის 1 სექტემბრისა. მათ დოკუმენტში უნდა ასახონ აგვისტოს თვეში მომხდარი ცვლილებები.

საწარმოებმა, რომლებიც დარეგისტრირდებიან 2025 წლის 1 აგვისტოს შემდეგ,ინფორმაცია უნდა წარადგინონ რეგისტრაციის თვის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე. ცვლილებების შემთხვევაში— ცვლილების მომდევნო სამუშაო დღემდე

ცვლილება ძალაში შევიდა 2025 წლის 1 აგვისტოდან.

ავტომატიზდა სატრანსპორტო საშუალებებზე გადახდილი აქციზისა და იმპორტის გადასახადის დაბრუნების პროცედურები

ფიზიკურ და იურიდიულ პირებს(იმპორტიორებს) საშუალება ეძლევათ, დაიბრუნონ სატრანსპორტო საშუალების იმპორტისას გადახდილი აქციზისა და იმპორტის გადასახადის100%, თუ დაცულია შემდეგი პირობები:

  • იმპორტირებული სატრანსპორტო საშუალება 180 კალენდარული დღის განმავლობაში გადის ექსპორტზე;
  • მოთხოვნა წარდგენილი უნდა იყოს 3-წლიან ხანდაზმულობის ვადაში.

ცვლილება ეხება შემდეგ სატრანსპორტო საშუალებებს:

· მსუბუქი ავტომობილები(საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის კოდი8703);

· მოტოციკლები და მოპედები(კოდი8711).

განაცხადის წარდგენის ეტაპები:

I ეტაპი – გადასახადის გადამხდელმა ავტორიზებულ მომხმარებელთა პორტალის (www.eservices.rs.ge) მეშვეობით უნდა წარადგინოს განცხადება: „სატრანსპორტო საშუალებაზე დარიცხული და გადახდილი აქციზისა და იმპორტის გადასახადის თანხის შემცირება პირადი აღრიცხვის ბარათზე“.

განცხადების დამუშავების შედეგად, მიღებული გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელს მიეწოდება ელექტრონულად.

II ეტაპი – დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, იმავე პორტალიდან წარდგენილი უნდა იქნეს ახალი განცხადება: „ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების შესახებ“.

თანხის დაბრუნების მოთხოვნა შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც პირად აღრიცხვის ბარათზე აისახება აქციზისა და იმპორტის გადასახადის შემცირების შესაბამისი თანხა.

შეიცვალა საკუთარი წარმოების შენობის/ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენების დღგ-ით დაბეგვრის წესი

2025 წლის 21 ივლისს, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გამოსცა და ძალაში შევიდა საჯარო გადაწყვეტილება( №194), რომელიც განმარტავს დასაბეგრი პირის მიერ საკუთარი წარმოების შენობის/ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენების დღგ-ით დაბეგვრის წესს.

🔹 ვის ეხება:

საჯარო გადაწყვეტილება ვრცელდება იმ დასაბეგრ პირებზე რომლებიც:

· აშენებენ შენობას/ნაგებობას საკუთარ მიწის ნაკვეთზე;

· მშენებლობას ახორციელებენ საკუთარი ძალებით ან/და სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების შეძენის გზით;

· აშენებულ ობიექტს იყენებენ ეკონომიკურ საქმიანობაში.

🔹 როდის მიიჩნევა ოპერაცია დღგ-ით დასაბეგრად:

 ოპერაცია დასაბეგრად ითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესრულებულია შემდეგი პირობები:

  • შენობა/ნაგებობა წარმოებულია თავად დასაბეგრი პირის მიერ;
  • დასაბეგრმა პირმა დაიწყო მისი გამოყენება ეკონომიკურ საქმიანობაში;
  • მისი სხვა პირისგან შეძენის შემთხვევაში, დასაბეგრ პირს სრულად არ ექნებოდა დღგ-ის ჩათვლის უფლება.

ასეთ შემთხვევებში, კანონით დგინდება ე.წ. „თვითმიწოდების“ ფიქცია — ითვლება, რომ დასაბეგრი პირმა შენობა/ნაგებობა თავადვე მიაწოდა საკუთარ თავს ანაზღაურებით, რაც იწვევს დღგ-თი დაბეგვრას.

🔹 დაბეგვრის მომენტი და ბაზა:

დღგ-თი დაბეგვრა ხდება იმ მომენტში, როდესაც შენობა/ნაგებობა იწყებს ფუნქციონირებას. დაბეგვრის ბაზა განისაზღვრება მშენებლობასთან დაკავშირებული რეალური ხარჯებით (საქონელი და მომსახურება).

მიწის ღირებულება არ შედის დაბეგვრის ბაზაში, რადგან იგი გათავისუფლებულია დღგ-სგან ჩათვლის უფლების გარეშე.

გააზიარე

მსგავსი პუბლიკაციები