საგადასახადო სიახლეები - ივნისი 2025

2025-06-30

საგადასახადო სიახლეები - ივნისი 2025

დაგროვებითი პენსიის ადმინისტრირების წესი შეიცვალა

რა უნდა გაითვალისწინოს ბიზნესმა ?

2025 წლის 1 მაისიდან ამოქმედდა ცვლილება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში, რომელიც არსებითად ცვლის დაგროვებითი საპენსიო შენატანების ადმინისტრირების წესს. 

საპენსიო შენატანებს დამსაქმებლი/თვითდასაქმებული მხოლოდ შემოსავლების სამსახურის საშემოსავლო დეკლარაციის მეშვეობით განახორციელებს.

რა ვალდებულება ეკისრება  დამსაქმებელს?

დამსაქმებელმა/თვითდასაქმებულმა, საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში (საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენის დღემდე, საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე), უნდა:

  • უზრუნველყოს საბალანსო თანხის არსებობა საპენსიო ფონდის ანგარიშზე;
  • წარადგინოს საშემოსავლო დეკლარაცია.

საბალანსო თანხის არსებობის შემთხვევაში, საპენსიო დეკლარაციას ელექტრონული სისტემა ავტომატურად დახურავს 00.00 საათზე. თუ ანგარიშზე თანხა არ იქნება, დეკლარაცია არ დაიხურება, შესაბამისად საპენსიო შენატანი ვერ განხორციელდება. 

რა მოყვება დარღვევას?

თუ დამსაქმებელი ვალდებულებას არ შეასრულებს მას დაეკისრება ჯარიმა 500 ლარის ოდენობით (განმეორებითი დარღვევისას -1000 ლარის ოდენობით) ; დაკისრებული ჯარიმის/საურავის გადახდასთან ერთად, დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს საპენსიო შენატანის სრული დაფარვა საკუთარი ხარჯით (დასაქმებულის ხელფასიდან გამოქვითვის გარეშე).

დამსაქმებელს საურავი დაერიცხება საპენსიო შენატანის იმ ოდენობაზე, რომელიც არ განხორციელებულა ან შესაბამისი ვადის დარღვევით განხორციელდა, საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების წარმოშობის დღისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ოდენობით. 

საურავის დაკისრება არ ზღუდავს დამსაქმებელს განახორციელოს საპენსიო შენატანები, თუმცა საურავის დარიცხვა გაგრძელდება ვიდრე სრულად არ მოხდება შესაბამისი საპენსიო შენატანის განხორციელება.

ამასთანავე ჯარიმის ან/და საურავის დაკისრების საფუძველს არ წარმოადგენს შემდეგი შემთხვევები: 

▪ დამსაქმებელის მიერ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში ყოველი ცვლილება, რომელიც გამოიწვევს საპენსიო შენატანის შესაბამისი ცვლილების საჭიროებას, თუ აღნიშნული განხორციელდება საშემოსავლო გადასახადის წარდგენის დადგენილ ვადამდე ამავე ინსტრუქციისა და ერთობლივი ნორმატიული აქტის საფუძველზე სრულად და შესაბამისად ჯეროვნად განხორციელდება საპენსიო შენატან(ებ)ი.

▪ თუკი სათანადოდ დადასტურდება, რომ დამსაქმებლის მიერ საბალანსო თანხა საპენსიო ფონდის ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე გადაირიცხა/ჩაირიცხა გათვალისწინებულ ვადაში, თუმცა მისი ასახვა დამსაქმებლის ელექტრონულ გვერდზე ვერ განხორციელდა შესაბამისი კომერციული ბანკის მიზეზით ან/და კომერციულ ბანკსა და საპენსიო ფონდს შორის ტექნიკური მხარდაჭერის გაუმართაობის გამო. 

▪ თუ დამსაქმებელმა ინსტრუქციით დადგენილ ვადაში წარმოადგინა გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაცია, თუმცა შემოსავლების სამსახურის და საპენსიო ფონდის ტექნიკური მხარდაჭერის გაუმართაობის გამო, საპენსიო ფონდის ელექტრონულ სისტემაში ვერ აისახა დადგენილ ვადაში შესაბამისი დეკლარაცია .

2025 წლის 1 მაისამდე წარმოშობილ ვალდებულებებზე საპენსიო შენატანების განხორციელება შესაძლებელი იქნება მხოლოდ საპენსიო სისტემაში სპეციალური მაკორექტირებელი დეკლარაციების წარდგენის მეშვეობით.

  • მაკორექტირებელი დეკლარაცია ავტომატურად გენერირდება საპენსიო ფონდში არსებულ მონაცემთა და შემოსავლების სამსახურის მონაცემთა შედარებით;
  • პირი, რომელმაც დაარღვია ვალდებულება 2025 წლის 1 მაისამდე, მაგრამ სრულად შეასრულებს მას ფონდის მონიტორინგის დაწყებამდე, თავიდან აირიდებს სანქციებს.

ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების გამოვლენის შემთხვევაში პირი აჯარიმდება და მოეთხოვება შეუსრულებელი ვალდებულების შესრულება;

მონიტორინგი და აღსრულება

საპენსიო ფონდი უფლებამოსილია დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ან/და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის გამოვლენის მიზნით, განახორციელოს დამსაქმებლ(ებ)ის:

  • გეგმური ან არაგეგმური მონიტორინგი;
  • არაგეგმური მონიტორინგის საფუძველი შესაძლოა იყოს დაინტერესებული პირის განცხადება ან სხვა გარემოება;

თუ დამსაქმებლის მიერ ვალდებულება 30 დღეში არ შესრულდება ფონდი გამოსცემს სააღსრულებო ფურცელს, რის შედეგადაც:

  • ჯარიმა მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში;
  • საპენსიო შენატანი და საურავი ჩაირიცხება შესაბამის ნომინალურ ანგარიშზე და ავტომატურად გადანაწილდება დასაქმებულთა ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშებზე.

2025 წლის 1 მაისის შემდგომ პერიოდისათვის საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი გამოვლინდება ავტომატურად შემოსავლების სამსახურის სისტემისა და ფონდის ელექტრონული სისტემის მეშვეობით ინფორმაციის გაცვლის შედეგად.

დამსაქმებლის მიერ საშემოსავლო დეკლარაციის საფუძველზე, ყოველ საანგარიშო პერიოდზე, არა უგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, საპენსიო შენატანის განუხორციელებლობა გამოიწვევს ავტომატურად სისტემის მეშვეობით დამსაქმებლის დაჯარიმებასა და საურავის დაკისრებას.

საშემოსავლო დეკლარაციის ყოველი დაზუსტება, საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვის შემდგომ, (გარდა იმ შემთხვევისა, როცა გამოვლინდება რომ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულება არ არსებობს, ან ზედმეტად მოხდა საპენსიო შენატანის განხორციელება) გამოიწვევს დამსაქმებლის მიმართ ჯარიმისა და საურავის დაკისრებას.

სქემაში ნებაყოფლობით ან ხელახლა გაწევრიანება

საპენსიო სქემაში, ნებაყოფლობით ან/და ხელახლა გასაწევრიანებლად 2025 წლის 1 მაისიდან დასაქმებულმა/თვითდასაქმებულმა, დამსაქმებლის ნაცვლად, უნდა მიმართოს საქართველოს საპენსიო ფონდს ან იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალს.


ცვლილებები „ინოვაციების შესახებ“ კანონში

რა უნდა გაითვალისწინონ სტარტაპებმა

2025 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო მნიშვნელოვანი ცვლილებები „ინოვაციების შესახებ“ კანონში, რომლებიც მიზნად ისახავს ინოვაციური სტარტაპების, მცირე და საშუალო კომპანიების განვითარებას, ტექნოლოგიების გადაცემის სტიმულირებას და ინვესტიციების წახალისებას.

ინოვაციების რეესტრი

შეიქმნა საჯარო რეესტრი, რომელშიც რეგისტრირდება:

  • ინოვაციური სტარტაპები
  • ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიები
  • კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიები

ასევე რეგისტრაცია შეუძლიათ:

  • საინვესტიციო ფონდებს
  • ანგელოზ ინვესტორთა ქსელებს
  • აქსელერატორებს

რეგისტრაციის საფასური მერყეობს 200–500 ლარის ფარგლებში სტატუსის მიხედვით.

ინოვაციური სტარტაპის სტატუსი და პრივილეგიები

სტატუსი ენიჭება კომპანიებს, რომლებიც:

  • ქმნიან ინოვაციურ პროდუქტს ან მომსახურებას;
  • მიღებული აქვთ მინიმუმ 100,000 ლარის ინვესტიცია ან 150,000 ლარის გრანტი;
  • აღნიშნული სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენიდან სტატუსის მინიჭების მომენტისთვის არ აქვს საგადასახადო ავალიანება, არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში, არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის     წარმოება და არ იმყოფება ლიკვიდაციის პროცესში

სტატუსის მოქმედების ვადა: 1 წელი ( შესაძლოა გახანგრძლივდეს 10 წლამდე) .

საგადასახადო შეღავათები:

  • 1- 3 წელი: ხელფასები თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან;
  • 4-6 წელი: 5%-იანი განაკვეთი ხელფასსა და მოგებაზე;
  • 7-10 წელი: 10%-იანი განაკვეთი

ინოვაციური სტარტაპი ვერ ისარგებლებს ერთდროულად სხვა საგადასახადო სტატუსებით, როგორიცაა „საერთაშორისო კომპანია“ ან „ვირტუალური ზონის პირი“.

ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანია

სტატუსი ენიჭებათ იმ კომპანიებს, რომლებიც:

  • კვლევისა და განვითარებისთვის ხარჯავენ შემოსავლის მინიმუმ 5%-ს , არანაკლებ 100,000 ლარი     წელიწადში
  • აკმაყოფილებენ შესაბამის კრიტერიუმებს

უპირატესობები

ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანია უფლებამოსილია გასულ ფინანსურ წელს დაგროვილი წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილების შემთხვევაში მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხა, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით შეიმციროს მის მიერ წინა ფინანსურ წელს კვლევისა და განვითარებისთვის გაწეული ხარჯების სამმაგი ოდენობით.

კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიები

აღნიშნული სტატუსი ენიჭებათ კომპანიებს, რომლებიც:

  • ფოკუსირდებიან ინჟინერულ და საბუნებისმეტყველო კვლევებზე
  • შემოსავლის 80%-ზე მეტს სწორედ ამ საქმიანობიდან იღებენ

უპირატესობები:  

  • 5%-იანი საშემოსავლო და მოგების გადასახადი

ახალი რეგულაციები მიზნად ისახავს ინოვაციების წახალისებას საქართველოში. მთავრობა უქმნის სტარტაპებს საგადასახადო შეღავათებით სავსე გარემოს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალბედა ბიზნესებისთვის. თუ კომპანია ინოვაციური იდეით მუშაობს და შეუძლია მოიზიდოს დაფინანსება, მას შეუძლია რეალურად ისარგებლოს საგადასახადო და სტრუქტურული მხარდაჭერით — ეს ნიშნავს ნაკლებ გადასახადს და მეტ თავისუფლებას განვითარების გზაზე.


საჯარო გადაწყვეტილება 

საჯარო გადაწყვეტილება ეხება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტს, რომელიც ითვალისწინებს საგადასახადო შეღავათებს განათლების, მედიცინის, კულტურისა და სხვა საზოგადოებრივად მნიშვნელოვან სფეროებში.

კერძოდ, აღნიშნული ქვეპუნქტის მიხედვით, საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაწეული განათლების მომსახურება და მასთან დაკავშირებული ან დამხმარე მომსახურებები/საქონელი გათავისუფლებულია დღგ-სგან, ჩათვლის უფლების გარეშე.

რას ნიშნავს "დამხმარე მომსახურება"?

საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, დამხმარე მომსახურებად ითვლება ისეთი სერვისი ან საქონელი, რომელიც არ წარმოადგენს მომხმარებლის ძირითად მოთხოვნას, მაგრამ აუმჯობესებს ან ამარტივებს ძირითადი მომსახურების გამოყენებას

ტრანსპორტირება და კვება — რატომ განიხილება, როგორც დამხმარე?

ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, თუ ტრანსპორტირებისა და კვების მომსახურება ხორციელდება უშუალოდ საგანმანათლებლო დაწესებულების ან მისი სახელით და მხოლოდ იმ მოსწავლეთათვის, რომლებიც იღებენ განათლებას, მაშინ ამ მომსახურებებს მიენიჭება დამხმარე მომსახურებისსტატუსი.

ანუ, როდესაც სკოლა ან სხვა სასწავლებელი უზრუნველყოფს მოსწავლეების ტრანსპორტირებასა და კვებას განათლების პროცესის გამარტივებისა და მხარდაჭერის მიზნით, ეს მომსახურებები გათავისუფლებულია დღგ-ისგან.

  

რაც უნდა ვიცოდეთ:

  • თუ ტრანსპორტირება და კვება დაკავშირებულია უშუალოდ განათლებასთან, დაწესებულებას აღარ მოუწევს მათზე დღგ-ის გადახდა.
  • ეს შეღავათი არ ვრცელდება მომსახურებებზე, რომლებიც არ უკავშირდება განათლების მიზნებს ან განკუთვნილია სხვა პირებისთვის.
  • გათავისუფლება არ იძლევა დღგ-ის ჩათვლის უფლებას, ანუ კომპანიამ ვერ მოითხოვს დღგ-ის დაბრუნებას იმ ხარჯებიდან, რაც ასეთი მომსახურებების გაწევისთვის დახარჯა.


გააზიარე

მსგავსი პუბლიკაციები