რა უნდა იცოდეთ, რომ არ დაჯარიმდეთ!
2025-10-31
დიდი აჟიოტაჟი ქონების დეკლარაციების გარშემო
რა უნდა იცოდეთ, რომ არ დაჯარიმდეთ!
ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვადა იწურება. რადგან 1 და 15 ნოემბერი არასამუშაო დღეებია, დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადად 3 ნოემბერი განისაზღვრა, ხოლო გადასახადის გადახდის ბოლო ვადად - 17 ნოემბერი.
ვინ უნდა წარადგინოს ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია
დეკლარაცია უნდა წარდგენოს ფიზიკურმა პირმა, მათ შორის მეწარმე ფიზიკურმა პირმა, თუ:
· საქართველოს ტერიტორიაზე ფლობს დასაბეგრ ქონებას და ამ პირის ოჯახის წინა წლის შემოსავლები აღემატება 40 000 ლარს;
· თუ საქართველოს ტერიტორიაზე ფლობს დასაბეგრ მიწას, მიუხედავად შემოსავლების ოდენობის;
დეკლარაციის წარგდენის ვადა
საგადასახადო კანონმდებლობით ფიზიკური პირის ქონების გადასახადის დეკლარაცის წარდგენის ვადაა კალენდარული წლის 1 ნოემბრი. დეკლარაციაში დასაბეგრი ქონების შესახებ ინფორმაცია გასული საგადასახადო წლის 2024 წლის მიხედვით შედის, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის (2025 წლის) 1 აპრილის მდგომარეობით.
თუ ოჯახის ორ ან ორზე მეტ წევრს გააჩნია დასაბეგრი ქონება, ოჯახის ნებისმიერ სრულწლოვან წევრს შეუძლია, წარადგინოს ქონების გადასახადის ერთიანი (საოჯახო) წლიური დეკლარაცია.
ვინ ითვლება ოჯახის წევრად:
- პირი, მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი ან გერი;
- პირთან მუდმივად მცხოვრები მშობელი, შვილი, გერი,ძმა, ბებია, ბაბუა ან შვილიშვილი, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან.
ქონების გადასახადის გადახდის ვადა
საგადასახადო კანონმდებლობით ფიზიკური პირის ქონების გადასახადის გადახდის ვადაა არაუგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.
გადასახადის გამოთვლა
დეკლარაციაში დასაბეგრი ქონება აისახება საბაზრო ღირებულებით, ხოლო დასაბეგრი მიწა - ფართობის მიხედვით. დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულება ფიზიკურმა პირმა შესაძლოა განსაზღვროს თვითონ, ქონების შესაძლო სარეალიზაციო ფასიდან გამომდინარე.
რას მოიცავს დასაბეგრი ქონება
- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (მათ შორის, დაუმთავრებელი მშენებლობა, შენობა-ნაგებობა ან მათი ნაწილი);
- იახტები, კატარღები, შვეულმფრენები, თვითმფრინავები, მსუბუქი ავტომობილები (ნომენკლატურა 8703);
- არარეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებული ქონება;
- ეკონომიკური საქმიანობის შემთხვევაში, მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივები, დაუმონტაჟებელი მოწყობილობები, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონება;
- გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებული ქონება,რომელსაც ფლობს ან რომლითაც სარგებლობს ფიზიკური პირი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქონებით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.
რა არის დასაბეგრი მიწა
- საკუთრებაში არსებული მიწა;
- სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწა, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს ფიზიკური პირი;
- გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, რომელსაც ფლობს ან რომლითაც სარგებლობს ფიზიკური პირი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.
რა სახის შემოსავალს მოიცავს 40 000 ლარიანი ზღვარი
პირის და ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებში შეიტანება:
· ეკონომიკური საქმიანობით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი(მცირე ბიზნესის სტატუსის ქონის შემთხვევაში - მცირე ბიზნესით დაბეგვრას დაქვემდებარებული დასაბეგრი შემოსავლის 25 პროცენტი);
· ნებისმიერი შემოსავალი, მათ შორის, სარგებელი, რომელიც დაკავშირებული არ არის ეკონომიკურ საქმიანობასთან;
· დარიცხული ხელფასი.
შემოსავალში არ გაითვალისწინება:
- ოჯახის წევრებისგან მემკვიდრეობა, ჩუქება ან განქორწინების შედეგად მიღებული ქონების ღირებულება;
- ფიზიკური პირის მიერ 2 წელზე მეტი ვადით მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის (სახლის) რეალიზაციით მიღებული შემოსავალი;
- დევნილთათვის სახელმწიფოს მიერ გადაცემული ქონების თავდაპირველი რეალიზაციით მიღებული შემოსავალი;
- ფიქსირებული გადასახადის გადამხდელისა და მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ აღნიშნული ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი;
- სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირიდან საქველმოქმედო საქმიანობის ფარგლებში მიღებული სარგებელი;
- მკურნალობის ან/და სამედიცინო მომსახურების ხარჯების დასაფინანსებლად საქველმოქმედო ორგანიზაციიდან მიღებული სარგებელი;
- დაქირავებულის მიერ დამქირავებლის ავტომობილის პირადი სარგებლობისათვის გამოყენებით მიღებული სარგებელი.
ფულადი გზავნილები არ გაითვალისიწინება შემოსავალის 40 000-ლარიან ზღვარის გაანგარიშებაში.
საგადასახადო შეღავათები
ქონების გადასახადისგან გათავისუფლებულია:
· ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონება (გარდა მიწისა), თუ ამ პირის ოჯახის მიერ მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები არ აღემატება 40 000 ლარს;
· 2004 წლის 1 მარტის მდგომარეობით ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული 5 ჰექტარამდე ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.
· მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირის საკუთრებაში არსებული, მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთი;
· მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს მიერ დადგენილი ფართობის ზღვრული ოდენობის ფარგლებში;
· სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომლებზე მოწეული მოსავლის ნახევარზე მეტი განადგურდა სტიქიის (ქარიშხლის, სეტყვის, გვალვის, წყალდიდობის) და სხვა ფორსმაჟორული შემთხვევების შედეგად;
· 2011 წლის 1 იანვრის მდგომარეობით იძულებით გადაადგილებული ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული 5 ჰექტარამდე ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;
· სხვა
საგადასახადო დეკლარაციის წარუდგნელობის შემთხვევაში ფიზიკური პირი დაჯარიმდება დეკლარაციის საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხის 5%-ის ოდენობით, თუ ვადის გადაცილების პერიოდი 2 თვეს არ აღემატება. იმ შემთხვევაში, თუ ვადის გადაცილების პერიოდი 2 თვეს აღემატება, პირი დაჯარიმდება ამ დეკლარაციის/გაანგარიშების საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხის 10%-ით.