მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათები ინოვაციური ბიზნესისთვის
2025-07-29
რა უნდა იცოდეს ბიზნესმა
თანამედროვე გლობალური ეკონომიკა ინოვაციაზე, ტექნოლოგიებზე და სწრაფად მზარდ სტარტაპებზეა დაფუნებული. ახალი კანონი „ინოვაციების შესახებ“, ინოვაციური საქმიანობის წახალისების, კვლევისა და განვითარების პროცესების მხარდაჭერისა და საგადასახადო შეღავათების მიღების შესაძლებლობას იძლევა.
რა არის ინოვაცია?
კანონის თანახმად, ინოვაცია არის ეკონომიკური, სამეცნიერო ან სოციალური ღირებულების მქონე, გამოყენებადი, ახალი ან მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პროდუქტი, პროცესი ან მომსახურება.
ინოვაციად მიიჩნევა:
- ინოვაციური პროდუქტი — ახალი ან მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პროდუქტი, რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ ესთეტიკური ცვლილებებით;
- ინოვაციური პროცესი — ახალი ან გაუმჯობესებული მეთოდი წარმოებაში ან მომსახურებაში;
- ორგანიზაციული ინოვაცია — მენეჯმენტის სტრუქტურის ან მეთოდის ცვლილება, რომელიც ზრდის ეფექტიანობას;
- ინოვაციური მარკეტინგი — მარკეტინგის ახალი მეთოდები პროდუქტის დიზაინში, შეფუთვაში ან შეთავაზებაში;
- ინოვაციური საქმიანობა — ახალი ან გაუმჯობესებული პროდუქტის, მომსახურების ან პროცესის შექმნისკენ მიმართული საქმიანობა.
კანონი განასხვავებს ინოვაციური საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიების სტატუსს და არეგულირებს შესაბამის საგადასახადო შეღავათებს.
ინოვაციური სტარტაპის სამართლებრივი სტატუსი
ინოვაციური სტარტაპი წარმოადგენს “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით რეგისტრირებულ სამეწარმეო სუბიექტს, რომელიც ახორციელებს ინოვაციურ პროდუქტს, პროცესს ან მომსახურებაზე ორიენტირებულ საქმიანობას. ინოვაციური სტარტაპის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს იმ სუბიექტს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
- ქმნის ინოვაციურ პროდუქტს, პროცესს ან მომსახურებას;
- ბოლო 2 წლის განმავლობაში მოიპოვა მინიმუმ 100,000 ლარის ინვესტიცია ან 150,000 ლარის საგრანტო დაფინანსება სახელმწიფო სააგენტოსგან;
- მისი შემოსავალი და ხარჯები არსებითად უკავშირდება ინოვაციურ საქმიანობას;
- არ აქვს საგადასახადო დავალიანება, არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში, არ მიმდინარეობს მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმე და არ იმყოფება ლიკვიდაციის პროცესში.
შენიშვნა: დაუშვებელია, სუბიექტს ინოვაციური სტარტაპის სტატუსთან ერთად ჰქონდეს საერთაშორისო კომპანიის ან ვირტუალური ზონის სტატუსი. თუ ინოვაციური სტარტაპის სტატუსი მიენიჭა საერთაშორისო კომპანიის სტატუსის ან ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მქონე სუბიექტს, მას შესაბამისი სტატუსი უუქმდება .
სტატუსის მოქმედების ვადა: სტატუსის მოქმედების ვადაა 1 წელი, რომლის გახანგრძლივება შესაძლებელია 10 წლამდე.
საგადასახადო შეღავათები ინოვაციური სტარტაპებისთვის
ინოვაციური სტარტაპი სარგებლობს თანმიმდევრული საგადასახადო შეღავათებით:
1-3 წელი – ხელფასი გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან (მთავრობის დადგენილი ოდენობით);
4-6 წელი – საშემოსავლო და მოგების გადასახადი 5%;
7-10 წელი – საშემოსავლო და მოგების გადასახადი 10%.
ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანია
ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებულ სამეწარმეო სუბიექტს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
- წლიურად კვლევისა და განვითარებისთვის გაწეული ხარჯები მინიმუმ 100,000 ლარია, რაც შემოსავლების არანაკლებ 5%-ს შეადგენს და ამავე დროს აკმაყოფილებს დამატებით შემდეგ ერთ-ერთ კრიტერიუმს:
- ფლობს პატენტს ან დეპონირებულ კომპიუტერულ პროგრამას და ხარჯავს რესურსს მის განვითარებაზე;
- კვლევისა და განვითარების ხარჯები გაწეული აქვს კვლევითი ორგანიზაციისგან ან ინოვაციური სტატუსის მქონე კომპანიისგან მომსახურების შესაძენად;
- ხარჯები აღრიცხულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული კვლევისა და განვითარების ხარჯების სახელმძღვანელოს შესაბამისად;
- არ აქვს საგადასახადო დავალიანება, არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში, არ მიმდინარეობს მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმე და არ იმყოფება ლიკვიდაციის პროცესში.
- მესამე ან მეოთხე კატეგორიის საწარმოა, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით.
სტატუსის მოქმედების ვადა: სტატუსი ენიჭება უვადოდ, თუმცა სავალდებულოა წლიური შესაბამისობის დადასტურება.
საგადასახადო შეღავათები ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიებისათვის
- დივიდენდის განაწილების შემთხვევაში, მოგების გადასახადის დასაბეგრი ბაზა შესაძლებელია ემცირდეს კვლევისა და განვითარების ხარჯების სამმაგი ოდენობით;
- რეინვესტირების შემთხვევაში კომპანია სარგებლობს დამატებითი მთავრობის ხელშემწყობი მექანიზმებით.
კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიები
კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს სუბიექტს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
- რეგისტრირებულია სამეწარმეო სუბიექტად;
- ძირითადი საქმიანობა არის საბუნებისმეტყველო და საინჟინრო კვლევები და შემოსავლის მინიმუმ 80% მიღებული აქვთ სწორედ ამ საქმიანობიდან;
- არ აქვს საგადასახადო დავალიანება, არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში, არ მიმდინარეობს მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმე და არ იმყოფება ლიკვიდაციის პროცესში.
სტატუსის მოქმედების ვადა: სტატუსი ენიჭება უვადოდ, თუმცა სავალდებულოა წლიური შესაბამისობის დადასტურება.
საგადასახადო შეღავათები:
- საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი — 5%;
- მოგების გადასახადი — 5%.
სტატუსის მინიჭების პროცედურა
სტატუსის მინიჭება ხდება შემდეგი პროცედურით:
- კომპანიამ უნდა წარადგინოს განაცხადი და დოკუმენტაცია საქართველოს ინოვაციების სააგენტოში;
- სააგენტო ამოწმებს მონაცემებს და აგზავნის დადასტურებულ განაცხადს ეკონომიკის სამინისტროს;
- სტატუსს ანიჭებს საქართველოს მთავრობ სამინისტროს წარდგინების საფუძველზე;
- სტატუსი ძალაში შედის გადაწყვეტილების მიღების შემდეგი თვის პირველი რიცხვიდან.
სახელმწიფო უფლებამოსილია ინოვაციური პროექტის დაფინანსებიდან მომდევნო 7 წლის განმავლობაში მოითხოვოს პროექტის შემოსავლიდან წილი, წლიურად არაუმეტეს 5%-ისა.