სპეციალური დაბეგვრის რეჟიმებში განხორციელებული ცვლილებები

2026-02-13

სპეციალური დაბეგვრის რეჟიმებში განხორციელებული ცვლილებები

რა უნდა იცოდეს ბიზნესმა

2026 წლის 6 თებერვალს, ცვლილება შევიდა ფინანსთა მინისტრის №999 ბრძანებით დამტკიცებულ„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ ინსტრუქციაში. ცვლილება ამოქმედდება 2026 წლის 8 მარტს.

ცვლილებები შეეხება:

  • მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირებს;
  • მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებს;
  • ფიქსირებული გადასახადის გადამხდელებს.

განახლებული რეგულაციები:

· აზუსტებს მიკრობიზნესის სტატუსიდან მცირე ბიზნესის სტატუსზე გადასვლის შედეგად წარმოშობილ საგადასახადო ვალდებულებებს;

· ადგენს მკაფიო 15-დღიან ვადას სტატუსის ცვლილების შემთხვევაში;

· ცვლის მცირე ბიზნესის სტატუსის ამოქმედების თარიღს;

· ამკაცრებს დეკლარირების ვალდებულებებს;

· ამცირებს მიკრო ბიზნესისთვის დოკუმენტაციის შენახვის ვადას;

· აწესებს დამატებით მოთხოვნას ფიქსირებული გადასახადის რეჟიმისთვის.

ყველაზე მნიშვნელოვანი პრაქტიკული რისკი უკავშირდება 15-დღიანი ვადის დარღვევას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის ნაწილის 20%-იანი დაბეგვრა.

მიკრო ბიზნესიდან მცირე ბიზნესში გადასვლა – 15-დღიანი ვადა როგორც კრიტიკული ფაქტორი

მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი კარგავს ამ სტატუსს, თუ:

  • მისი წლიური შემოსავალი გადააჭარბებს 30 000 ლარს;
  • დაიწყებს დაქირავებული პირის შრომის გამოყენებას.

ცვლილებამდე მოქმედი რედაქცია არ იძლეოდა ერთმნიშვნელოვან პასუხს, როგორ უნდა დაბეგრილიყო წლის დასაწყისიდან მიღებული შემოსავალი ასეთ შემთხვევებში. ახალი რედაქცია ამ საკითხს მკაფიოდ არეგულირებს.

მიმართვა 15 დღის ვადაში

თუ მიკრო მეწარმე:

  • გადააჭარბებს 30 000 ლარს;
  • დაიწყებს დაქირავებული პირის შრომის გამოყენებას

და ამ ფაქტის დადგომიდან 15 კალენდარული დღის ვადაში მიმართავს საგადასახადო ორგანოს მცირე ბიზნესის სტატუსის მისაღებად, მაშინ:

  • მიკრობიზნესის სტატუსი უქმდება გადაჭარბების (ან დასაქმების დაწყების) დღიდან;
  • მცირე ბიზნესის სტატუსი ძალაში შედის იმავე დღიდან;
  • წლის დასაწყისიდან სტატუსის მინიჭებამდე მიღებული შემოსავალი რჩება მიკრობიზნესის რეჟიმში და არ იბეგრება.

მიმართვა 15-დღიანი ვადის დარღვევით

თუმცა, თუ პირი აღნიშნულ 15-დღიან ვადას არღვევს და მცირე ბიზნესის სტატუსისთვის მიმართავს დაგვიანებით, სამართლებრივი შედეგი მნიშვნელოვნად იცვლება:

  • მცირე ბიზნესის სტატუსი ენიჭება მხოლოდ მიმართვის დღიდან;
  • ხოლო წლის დასაწყისიდან სტატუსის მინიჭებამდე მიღებული შემოსავალი იბეგრება საერთო წესით – 20%-იანი საშემოსავლო გადასახადით.

ეს ცვლილება პრაქტიკაში ყველაზე მაღალი ფინანსური რისკის მატარებელია, რადგან ვადის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს წლიური შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილის დაბეგვრა საერთო რეჟიმით.

ნებაყოფლობითი გადასვლა (30 000 ლარის გადაჭარბების გარეშე)

თუ პირი არ აჭარბებს 30 000 ლარს, მაგრამ ნებაყოფლობით ითხოვს მცირე ბიზნესის სტატუსს:

  • სტატუსი ენიჭება მიმართვის დღიდან;
  • მანამდე მიღებული შემოსავალი რჩება მიკრო ბიზნესის რეჟიმში და არ იბეგრება.

დოკუმენტაციის შენახვის ვადა

მიკრო ბიზნესისთვის საგადასახადო დოკუმენტების შენახვის ვადა შემცირდა:

· 6 წლიდან 3 წლამდე.

მცირე ბიზნესის სტატუსის ამოქმედების ახალი წესი

მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ მცირე ბიზნესის სტატუსი ძალაში შედის განცხადების წარდგენის დღიდან, და არა მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, როგორც ეს ადრე იყო.

ეს ნიშნავს, რომ 1%-იანი სპეციალური რეჟიმით დაბეგვრა ვრცელდება უკვე განაცხადის შეტანის დღიდან მიღებულ შემოსავალზე, რაც ბიზნესისთვის უფრო მოქნილი და ოპერატიული მექანიზმია.

მაგალითად, თუ ინდივიდუალური მეწარმე მცირე ბიზნესის სტატუსს მოითხოვს 10 იანვარს, იგი ამ სტატუსის მქონედ ითვლება სწორედ 10 იანვრიდან და შემდგომ მიღებული შემოსავალი იბეგრება სპეციალური რეჟიმით.

მცირე ბიზნესის სტატუსის ხელახალი მიღება

დაზუსტდა, რომ თუ მცირე ბიზნესის სტატუსი გაუქმდა, მისი ხელახლა მიღება შესაძლებელია მხოლოდ გაუქმების წლის მომდევნო საგადასახადო წლიდან. შესაბამისად, იმავე წელს სტატუსის დაბრუნება აღარ არის შესაძლებელი.

ამასთან, თუ პირი საკუთარი ინიციატივით ითხოვს სტატუსის გაუქმებას, მოქმედი წესი უცვლელია — სტატუსი უქმდება მიმართვის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.

ნულოვანი დეკლარაციის საკითხი

ინსტრუქციაში პირდაპირ ჩაიწერა, რომ თუ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი არ წარადგენს ყოველთვიურ საშემოსავლო დეკლარაციას, არ ჩაითვლება, რომ მან წარადგინა ნულოვანი დეკლარაცია.

დამატებითი მოთხოვნა ფიქსირებული გადასახადის გადამხდელებისათვის

ფიქსირებული გადასახადის სტატუსის მინიჭებისა და შენარჩუნებისთვის დამატებით სავალდებულო გახდა:

  • ფიზიკური პირი უნდა იყოს რეგისტრირებული ინდივიდუალურ მეწარმედ;
  • ინდ. მეწარმის რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში ავტომატურად უქმდება ფიქსირებული გადასახადის სტატუსიც.

სტატუსის შეწყვეტა გარდაცვალების შემთხვევაში

დაზუსტდა, რომ მიკრო ბიზნესის, მცირე ბიზნესის და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი უქმდება ფიზიკური პირის გარდაცვალების შემთხვევაში. აღნიშნული ცვლილება უზრუნველყოფს სამართლებრივ სიცხადეს და ერთგვაროვან პრაქტიკას.

რეკომენდაციები ბიზნესისთვის

განხორციელებული ცვლილებები ზრდის ყურადღებას შემდეგ საკითხებზე:

  • 15-დღიანი ვადის კონტროლი;
  • სტატუსის ცვლილების დროული დაგეგმვა;
  • დეკლარაციების სავალდებულო წარდგენა;
  • ინდ. მეწარმის რეგისტრაციის კონტროლი ფიქსირებული გადასახადის რეჟიმში.

ბიზნესისთვის რეკომენდებულია სტატუსის ცვლილებამდე წინასწარი საგადასახადო ანალიზი და შესაბამისი პროცედურების დროული დაგეგმვა, რათა სპეციალური რეჟიმის უპირატესობები სრულად იქნას გამოყენებული და თავიდან იქნეს აცილებული დამატებითი საგადასახადო ტვირთი.

გააზიარე

მსგავსი პუბლიკაციები