გთავაზობთ სექტემბრის თვეში განხორციელებულ მნიშვნელოვან საგადასახადო სიახლეებს.
სარჩევი:
- საპენსიო შენატანებთან დაკავშირებული ახალი რეგულაციები
- შეიცვალა ფიზიკური პირის ქონების გადასახადის დარიცხვის წესი
- აქციზური საქონლის ჩამოწერისა და აქციზის კორექტირების წესში განხორციელებული ცვლილებები
- ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული რეგულაციების ცვლილებები
- დეპოზიტების დაზღვევის მაქსიმალური ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
საპენსიო შენატანებთან დაკავშირებული ახალი რეგულაციები
2026 წელს დაგროვებითი პენსიის სფეროში განხორციელებული ცვლილებებით მნიშვნელოვნად დაზუსტდა დამსაქმებლების პასუხისმგებლობა საპენსიო შენატანების დროულად განხორციელებაზე, ასევე განისაზღვრა უკვე დაკისრებული ჯარიმებისგან გათავისუფლებისა და დავალიანების აღსრულების ახალი წესები.
- დაწესდა ერთჯერადი შეღავათი იმ დამსაქმებლებისთვის, რომელთაც 2025 წლის 1 მაისიდან 2026 წლის შესაბამის პერიოდამდე საპენსიო შენატანებთან დაკავშირებული დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმა ჯერ არ ჰქონდათ გადახდილი. ასეთ შემთხვევაში დამსაქმებელი ჯარიმის გადაუხდელი ნაწილისგან თავისუფლდება, თუ სრულად შეასრულებს საპენსიო შენატანისა და მასზე დარიცხული საურავის გადახდის ვალდებულებას არაუგვიანეს 2026 წლის 31 დეკემბრისა. უკვე გადახდილი ჯარიმა უკან არ ბრუნდება.
- საპენსიო შენატანის არ განხორციელება ან დაგვიანებით განხორციელება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრა. დამსაქმებელს შეიძლება დაეკისროს 300 ლარის ჯარიმა, ხოლო დამატებით - დასაქმებულის მიუღებელი სარგებელი, რომელიც ვადაგადაცილებულ შენატანზე ერიცხება. ამასთან, დამსაქმებელი ვალდებულია თავად დაფაროს განუხორციელებელი საპენსიო შენატანი და შესაბამისი თანხა დასაქმებულის ხელფასიდან ვერ ჩამოიჭრება. შეიქმნა ასევე საპენსიო ფონდის დავების განხილვის სამსახური, რომლის გადაწყვეტილებების გასაჩივრებაც შესაძლებელია სასამართლოში.
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონში დაზუსტდა, რომ საპენსიო ფონდის გადაწყვეტილებები - როგორც ჯარიმის დაკისრების, ისე განუხორციელებელი საპენსიო შენატანისა და მიუღებელი სარგებლის გადახდის შესახებ - შეიძლება აღსრულდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს მეშვეობით. ამასთან, ჩვეულებრივი წესისგან განსხვავებით, მიუღებელი სარგებლის დარიცხვა სააღსრულებო წარმოების დაწყების შემდეგაც გრძელდება, სანამ შესაბამისი საპენსიო ვალდებულება არსებობს.
საერთო ჯამში, ცვლილებების მიზანია საპენსიო შენატანების დროული გადახდის კონტროლის გაძლიერება და დამსაქმებლების პასუხისმგებლობის მკაფიოდ განსაზღვრა. ამავდროულად, მოქმედი ვალდებულებების შესრულების შემთხვევაში გათვალისწინებულია ერთჯერადი შეღავათი უკვე დაკისრებული, მაგრამ გადაუხდელი ჯარიმების მიმართ.
მნიშვნელოვანი ვადები: ახალი პასუხისმგებლობისა და აღსრულების ძირითადი მექანიზმები 2026 წლის 15 ოქტომბრიდან ამოქმედდება, ხოლო არსებული გადაუხდელი ჯარიმებისგან გათავისუფლებისთვის საპენსიო შენატანისა და საურავის სრულად დაფარვის ბოლო ვადაა 2026 წლის 31 დეკემბერი.
შეიცვალა ფიკური პირის ქონების გადასახადის დარიცხვის წესი
2026 წლის 1 ოქტომბრამდე, მოქმედი კანონმდებლობით 40 000 ლარამდე წლიური შემოსავლის მქონე ოჯახები ქონების გადასახადისგან გათავისუფლებულები არიან, ხოლო 40 000-დან 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის გადასახადის განაკვეთი ქონების საბაზრო ღირებულების 0.05%-დან 0.2%-მდეა, 100 000 ლარზე მეტი შემოსავლის შემთხვევაში კი მოქმედი განაკვეთი 0.8%-დან 1%-მდეა.
ცვლილების შედეგად, ფიზიკური პირი სრულად თავისუფლდება ქონების გადასახადისგან (გარდა მიწისა), თუ მისი ოჯახის მიერ წინა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული საერთო შემოსავალი არ აღემატება 100 000 ლარს. ხოლო იმ ფიზიკური პირებისთვის, რომელთა ოჯახის შემოსავალი აღემატება 100 000 ლარს, დასაბეგრ ქონებაზე (გარდა მიწისა) წლიური გადასახადის განაკვეთი განისაზღვრება ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8%-ისა და არაუმეტეს 1%-ის ფარგლებში. ეს შეღავათი ვრცელდება იმ ქონებაზეც, რომლის დეკლარირებაც საგადასახადო კოდექსის თანახმად 2026 წელს უნდა განხორციელდეს.
აქციზური საქონლის ჩამოწერისა და აქციზის კორექტირების წესში განხორციელებული ცვლილებები
2026 წლის 16 სექტემბერს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა გამოსცა ორი ურთიერთდაკავშირებული ბრძანება - №285 და №286, რომლებითაც ცვლილებები შევიდა, შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის №994 და №996 ბრძანებებით დამტკიცებულ წესებში.
ცვლილებების ძირითადი მიზანია აქციზური მარკით ნიშანდებული აქციზური ნაწარმის ჩამოწერის პროცედურის, მისი ფაქტობრივი განადგურების კონტროლისა და ჩამოწერილ საქონელზე გადახდილი აქციზის კორექტირების მექანიზმის დაზუსტება.
ცვლილებები დაყოფილია 3 მთავარ პუნქტად:
- ახალი რეგულაციის მიხედვით, აქციზური მარკით ნიშანდებული აქციზური ნაწარმის ჩამოწერა ხორციელდება ადგილზე გასვლით და პროცესი სრულდება საქონლის სრული განადგურებით. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ადგილზე გასვლით ამოწმებს დათვალიერებას დაქვემდებარებული საერთო რაოდენობის არანაკლებ 2%-ს, ხოლო თამბაქოს ნაწარმის შემთხვევაში შერჩევა ხორციელდება უდიდესი ყუთიდან და უმცირესი შეფუთვის არანაკლებ 2%-ის ოდენობით.
- დეკლარაციის შევსების წესი (77-ე მუხლი): კონკრეტდება, თუ რა უნდა ჩაიწეროს დეკლარაციის მე-7 და 7¹ სტრიქონებზე. იმპორტის დროს: თუ საქონლის ფაქტობრივი იმპორტი იმაზე ნაკლები მოცულობით მოხდა, ვიდრე დაგეგმილი იყო, აქციზი გადაიანგარიშება პროპორციულად. ასევე, აქ იწერება იმპორტისთვის განკუთვნილი, მარკირებული და შემდეგ ჩამოწერილი საქონლის გადახდილი აქციზი. ადგილობრივი წარმოების დროს: ანალოგიურად, აქციზი გადაიანგარიშება ფაქტობრივი გაყიდვების პროპორციულად, ან იწერება ადგილობრივი პროდუქციისთვის განკუთვნილი, მარკირებული და ჩამოწერილი საქონლის გადახდილი აქციზი.
- მკაფიოდ განისაზღვრა, რომ როდესაც ხდება აქციზური მარკით მონიშნული პროდუქციის (მაგალითად, დაზიანებული, ვადაგასული ან წუნდებული ალკოჰოლური სასმელების ან თამბაქოს) ოფიციალური ჩამოწერა/განადგურება, ეს მარკები ითვლება უტილიზებულად. ასეთი საქონელი აღარ იბეგრება აქციზით, ხოლო მასზე უკვე გადახდილი აქციზის თანხა ბიზნესს შეუმცირდება (ჩაეთვლება) დეკლარაციაში.
ცვლილებების მნიშვნელობა
ცვლილებების მთავარი პრაქტიკული შედეგია ის, რომ კომპანიას აღარ უნდა დარჩეს აქციზის საგადასახადო ტვირთი იმ საქონელზე, რომელიც დადგენილი პროცედურის დაცვით ჩამოიწერა და სრულად განადგურდა. ამავდროულად, აღნიშნული შეღავათი დაკავშირებულია მკაფიოდ განსაზღვრული პროცედურის შესრულებასთან - ადგილზე ჩამოწერასთან, შერჩევით კონტროლთან და საქონლის სრულ განადგურებასთან.
ორივე ბრძანება ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე.
ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული რეგულაციების ცვლილებები
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2026 წლის 9 სექტემბერს ორი ბრძანებით - №214/04 და №215/04 - ცვლილებები შეიტანა სტაბილური ვირტუალური აქტივების პირველადი შეთავაზებისა და მათ შესახებ ანგარიშგების წესებში. ცვლილებების მიზანია სტაბილური ვირტუალური აქტივების რეზერვების უზრუნველყოფის, განთავსებისა და ანგარიშგების მოთხოვნების დაზუსტება.
- 100%-იანი რეზერვის დაცვა და ყოველდღიური კონტროლი: მიმოქცევაში არსებული სთეიბლკოინები ყოველთვის 100%-ით უნდა იყოს უზრუნველყოფილი ლიკვიდური (სარეზერვო) აქტივებით. ახალი წესით, ანგარიშგების ფორმაში რეზერვისა და გამოშვებული კრიპტოვალუტის თანაფარდობა ყოველდღიურ რეჟიმში უნდა აისახოს და ყოველთვის უნდა იყოს 100%-ის ტოლი ან მეტი.
- დაზუსტდა დასაშვები რეზერვების ტიპები: ბრძანებამ კონკრეტულად ჩამოთვალა, რა ითვლება ვალიდურ რეზერვად. მაგალითად, ლარის სთეიბლკოინისთვის ეს შეიძლება იყოს: ლარის ფიატი (ნაღდი ფული), მოთხოვნამდე დეპოზიტი, 3-თვიანი ვადით დეპოზიტები (რომლებიც მყისიერად გამოთხოვადია) ან საქართველოს მთავრობის ფასიანი ქაღალდები (1 წლამდე დარჩენილი ვადიანობით).
- ვალუტის კონვერტაცია ანგარიშგებაში: ნებისმიერ უცხოურ ვალუტაში (აშშ დოლარი, ევრო და სხვ.) არსებული რეზერვები ანგარიშგების ფორმებში უნდა გადაიანგარიშდეს ეროვნულ ვალუტაში (ლარში), ანგარიშგების თარიღისთვის სებ-ის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსით.
- ბანკებში ფულის დივერსიფიკაცია (რისკების დაზღვევა): თურეზერვები 5 მლნ ლარს არ აღემატება, მათი სრულად ერთ კომერციულ ბანკში ან მიკრობანკში განთავსება შესაძლებელია, თუმცა ის არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი ბანკის კაპიტალის 10%-ს. 5 მლნ ლარზე მეტი რეზერვების შემთხვევაში, ერთ ბანკში განთავსებული თანხა არ უნდა აღემატებოდეს როგორც ბანკის კაპიტალის 10%-ს, ისე მთლიანი რეზერვების 50%-ს. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, კონკრეტულ ემიტენტს უფრო მკაცრი ლიმიტებიც დაუწესოს.
- სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზების განმახორციელებელ მოქმედ პროვაიდერებს შესაბამისი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის, მათ შორის აუდიტორული დასკვნის, წარსადგენად ერთი წელი ეძლევათ.
დეპოზიტებისდაზღვევის მაქსიმალურიზღვარი 100 000 ლარამდეიზრდება
სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს 2026 წლის 25 სექტემბრის №35/ნ ბრძანებით, დეპოზიტორისთვის ასანაზღაურებელი დაზღვეული დეპოზიტის მაქსიმალური ოდენობა 100 000 ლარით განისაზღვრა.ახალი ზღვარი 2027 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.




