2026 წლის 10 ივლისს ცვლილება შევიდა საქართველოს მთავრობის №70 დადგენილებაში, რომლებიც მნიშვნელოვნად ცვლის შრომითი იმიგრანტებისა და თვითდასაქმებული უცხოელებისთვის შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესს.

ცვლილებები მიზნად ისახავს უცხოელი დასაქმებულების ადმინისტრირების პროცესის გაუმჯობესებას და მოიცავს როგორც დამსაქმებლებისთვის ახალი ვალდებულებების დაწესებას, ისე რიგი ადმინისტრაციული მოთხოვნების გამარტივებას.

ვაკანსიის წინასწარი გამოქვეყნების ვალდებულება გაუქმდა

ახალი წესით, ადგილობრივ დამსაქმებელს აღარ ევალება შრომითი საქმიანობის უფლების მოთხოვნამდე Worknet პლატფორმაზე ვაკანსიის არანაკლებ 10 სამუშაო დღით ადრე გამოქვეყნება. სურვილის შემთხვევაში, პლატფორმის გამოყენება ადგილობრივი კადრების მოძიების მიზნით კვლავ შესაძლებელია, თუმცა აღნიშნული მოთხოვნა სავალდებულო აღარ არის.

წლიური კვოტის სისტემა – ახალი ვალდებულება დამსაქმებლებისთვის

ვაკანსიის გამოქვეყნების ვალდებულების ნაცვლად, დადგენილებით შემოღებულია წლიური კვოტის შეთანხმების მექანიზმი.

დამსაქმებელი ვალდებულია, შრომითი საქმიანობის უფლების მოთხოვნამდე არანაკლებ 10 სამუშაო დღით ადრე სააგენტოსთან შეათანხმოს წლიური კვოტა, თუ:

  • კალენდარული წლის განმავლობაში გეგმავს 5-ზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმებას; ან
  • უცხოელი თანამშრომლების რაოდენობა აღემატება კომპანიის დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 5%-ს.

კვოტის განსაზღვრისთვის დამსაქმებელმა უნდა დაადასტუროს კანონით დადგენილი ფინანსური კრიტერიუმების დაკმაყოფილება.

კერძოდ:

  • ჩვეულებრივი დამსაქმებლის შემთხვევაში, კომპანიის წლიური ბრუნვა თითოეულ უცხოელ თანამშრომელზე არანაკლებ 50 000 ლარს უნდა შეადგენდეს;
  • საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებებისთვის აღნიშნული ზღვარი 35 000 ლარია.

თუ დამსაქმებელი დღგ-ის გადამხდელი არ არის, შესაბამისი გარემოება უნდა დადასტურდეს კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ცნობით.

აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება იმ დამსაქმებლებზე, რომლებსაც ჰყავთ არაუმეტეს სამი უცხოელი თანამშრომელი და რომელთა დაფუძნებიდან ან რეგისტრაციიდან გასულია არაუმეტეს სამი თვე.

სააგენტოს უფლება აქვს:

  • განსაზღვროს დამსაქმებლის წლიური კვოტა;
  • დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე გაზარდოს კვოტა;
  • მომდევნო წლისთვის შეამციროს კვოტა, თუ დამსაქმებელმა მიმდინარე წელს სრულად ვერ აითვისა დამტკიცებული რაოდენობა.

გაფართოვდა შრომითი საქმიანობის უფლებისგან გათავისუფლებულ პირთა წრე

ცვლილებების შედეგად გაიზარდა იმ პირთა ჩამონათვალი, რომლებიც შრომითი საქმიანობის უფლების მიღების ვალდებულებისგან თავისუფლდებიან. მათ შორის არიან:

  • პირი, რომელსაც აქვს მოქმედი სპეციალური ბინადრობის ნებართვა;
  • უცხოელი, რომელიც საქმიანობას ახორციელებს საჯარო დაწესებულების ან სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოს სასარგებლოდ;
  • პირი, რომელიც სრულად დისტანციურად მუშაობს და საქმიანობის შესასრულებლად საქართველოში შემოსვლა არ სჭირდება;
  • უცხოელი, რომელიც მომსახურებას უწევს არარეზიდენტ პირს საქართველოს ფარგლებს გარეთ განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებით (კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა);
  • პირველი, მეორე და მესამე კატეგორიის საწარმოების ხელმძღვანელი ან მმართველი პირი, ასევე აუდიტის კომიტეტის წევრი;
  • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების კონსერვაციის, რესტავრაციისა და რეაბილიტაციის პროექტებში ჩართული პირი;
  • პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს კანონით გათვალისწინებული საქართველოში დროებითი ყოფნის უფლება.

მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობის ახალი სამართლებრივი რეჟიმი

დადგენილებით პირველად დეტალურად განისაზღვრა მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობის განხორციელების პირობები.

თუ უცხოელი საქართველოში ახორციელებს მოკლევადიან პროფესიულ საქმიანობას, მას შრომითი საქმიანობის უფლების მიღება აღარ სჭირდება, თუმცა საქმიანობის დაწყებამდე სავალდებულოა მისი წინასწარი რეგისტრაცია სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში.

მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობის ვადა კალენდარული წლის განმავლობაში ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს და, ამასთანავე, ვერ იქნება უფრო ხანგრძლივი, ვიდრე უცხოელის საქართველოში კანონიერად ყოფნის პერიოდი.

საქმიანობის დაწყებამდე ადგილობრივი დამსაქმებელი ან მომსახურების ორგანიზატორი ვალდებულია უცხოელი დაარეგისტრიროს labourmigration.moh.gov.ge-ის ელექტრონულ სისტემაში და წარადგინოს დადგენილებით განსაზღვრული ინფორმაცია.

საქმიანობა მოკლევადიან პროფესიულ საქმიანობად არ ჩაითვლება, თუ:

  • უცხოელი არ არის რეგისტრირებული ან რეგისტრაცია სააგენტოს მიერ დადასტურებული არ არის;
  • უცხოელი საქართველოში კანონიერად არ იმყოფება;
  • საქმიანობა მიეკუთვნება იმ კატეგორიას, რომლისთვისაც დადგენილია წლიური კვოტა.

შრომითი საქმიანობის უფლების ხელახალი მიღების შემთხვევები

შრომითი საქმიანობის უფლების ხელახლა მიღება აუცილებელია, თუ:

  • შრომითი იმიგრანტი იცვლის დაკავებულ თანამდებობას;
  • თვითდასაქმებული უცხოელი იცვლის საქმიანობის სფეროს.

ამასთან, ხელახალი ნებართვის მიღება აღარ არის საჭირო, თუ ცვლილება შეეხება მხოლოდ:

  • თანამდებობის დონეს;
  • ანაზღაურებას;
  • სამუშაო გრაფიკს.

ასეთ შემთხვევაში სააგენტოსთვის ინფორმაციის ხელახლა წარდგენის ვალდებულებაც არ წარმოიშობა.

ახალი მოთხოვნები თვითდასაქმებული უცხოელებისთვის

თვითდასაქმებულმა უცხოელმა შრომითი საქმიანობის უფლების მისაღებად განაცხადი პირადად უნდა წარადგინოს და სააგენტოსთან სავალდებულო ვიდეოგასაუბრება გაიაროს.

ვიდეოგასაუბრების დროს უცხოელმა უნდა წარმოადგინოს ის მოქმედი პასპორტი, რომლის საფუძველზეც გაკეთდა განაცხადი. გასაუბრება ტარდება ქართულ ან ინგლისურ ენაზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია თარჯიმნის მონაწილეობაც.

დაზუსტდა განაცხადის წარდგენის მოთხოვნები

ცვლილებებით დაზუსტდა უცხოელთა მიერ წარსადგენი ინფორმაციის მოცულობაც.

კერძოდ:

  • განაცხადის წარდგენისას უცხოელის საზღვარგარეთის პასპორტი მოქმედი უნდა იყოს მინიმუმ 6 თვის ვადით;
  • ბინადრობის ნებართვის არსებობის შემთხვევაში აუცილებელია შესაბამისი დოკუმენტების მონაცემების მითითება;
  • თვითდასაქმებულებისთვის დამატებით განისაზღვრა წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი, მათ შორის წლიური ბრუნვისა და საქმიანობის სფეროს დამადასტურებელი დოკუმენტები.

ახალი რეგულაციები არსებითად ცვლის უცხოელი თანამშრომლების დასაქმების ადმინისტრირების პროცესს. მიუხედავად იმისა, რომ გაუქმდა ვაკანსიის წინასწარი გამოქვეყნების ვალდებულება, დამსაქმებლებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა უცხოელი თანამშრომლების დასაქმების წინასწარმა დაგეგმვამ და წლიური კვოტების მართვამ.

დამსაქმებლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ:

  • წლიური კვოტების დროულ შეთანხმებას;
  • კანონით განსაზღვრული ფინანსური კრიტერიუმების დაკმაყოფილებას;
  • მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობის რეგისტრაციის წესების დაცვას;
  • შრომითი საქმიანობის უფლების ხელახალი მიღების შემთხვევების სწორ შეფასებას.

ახალი მოთხოვნების დროული გათვალისწინება მნიშვნელოვნად შეამცირებს ადმინისტრაციული შეფერხებებისა და სამართლებრივი რისკების წარმოშობის შესაძლებლობას უცხოელი თანამშრომლების დასაქმების პროცესში.