დაზუსტდა 5%-იანი ჯარიმისგან გათავისუფლების კრიტერიუმები
2026 წლის 8 ივლისს ცვლილება შევიდა №9021 ბრძანებით დამტკიცებულ საგადასახადო/საბაჟო პროცედურების მეთოდურ მითითებაში. ცვლილება შეეხება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული 5%-იანი ჯარიმისგან გათავისუფლების ადმინისტრაციულ პროცედურას და აზუსტებს იმ კრიტერიუმებს, რომელთა საფუძველზეც მიიღება გადაწყვეტილება ჯარიმის ჩამოწერის შესახებ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, თუ პირი დაგვიანებით დარეგისტრირდება დღგ-ის გადამხდელად მაშინ, როდესაც რეგისტრაცია სავალდებულო იყო, მას ეკისრება ჯარიმა იმ პერიოდის დღგ-ის გარეშე განხორციელებული დასაბეგრი ბრუნვის 5%-ის ოდენობით. ამასთან, კანონმდებლობა იძლევა აღნიშნული ჯარიმისგან გათავისუფლების შესაძლებლობას, თუ გადასახადის გადამხდელი საკუთარი ინიციატივით გამოასწორებს დარღვევას და დააკმაყოფილებს კანონით დადგენილ პირობებს.
შეტანილი ცვლილებები არ ცვლის ჯარიმისგან გათავისუფლების სამართლებრივ საფუძველს, თუმცა მნიშვნელოვნად აზუსტებს იმ გარემოებებს, რომლებიც ფასდება განცხადების განხილვისას.
რა შეიცვალა?
ახალი წესით, ჯარიმისგან გათავისუფლების საკითხის განხილვისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მომსახურების დეპარტამენტის მიერ გადაწყვეტილების მიღების თარიღისთვის არსებულ მდგომარეობას. შესაბამისად, სამართალდარღვევის ოქმის შედგენის მომენტში არსებული საგადასახადო დავალიანება აღარ წარმოადგენს უარის თქმის დამოუკიდებელ საფუძველს.
ამასთან, ახალი რედაქციით დაზუსტდა, რომ ჯარიმისგან გათავისუფლების პირობების შეფასებისას მხედველობაში აღარ მიიღება:
- აღიარებული საგადასახადო დავალიანება ან მოსაკრებელი, რომლის გადახდა კანონმდებლობის საფუძველზე გადავადებულია და რომლისგადახდის ვადა ჯერარ დამდგარა;
- 1 ლარამდე ოდენობის აღიარებული საგადასახადო დავალიანება ან მოსაკრებელი.
დანარჩენი საკანონმდებლო მოთხოვნები უცვლელად რჩება. მათ შორის, გადასახადის გადამხდელმა საკუთარი ინიციატივით უნდა მიმართოს შემოსავლების სამსახურს, წარადგინოს ყველა დაგვიანებული დეკლარაცია და განაცხადში ასახოს კანონით განსაზღვრული ინფორმაცია.
პრაქტიკული მნიშვნელობა
ცვლილება ამარტივებს 5%-იანი ჯარიმისგან გათავისუფლების პროცედურის ადმინისტრირებას და ამცირებს იმ შემთხვევებს, როდესაც გადასახადის გადამხდელს ფორმალური გარემოებების გამო ეზღუდებოდა კანონით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის შესაძლებლობა. შედეგად, შეფასება ორიენტირებულია გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის არსებულ რეალურ საგადასახადო მდგომარეობაზე და არა იმ გარემოებებზე, რომლებიც შესაძლოა მოგვიანებით უკვე აღმოფხვრილი იყოს.
გამოქვეყნდა ახალი საჯარო გადაწყვეტილება საწარმოს კაპიტალში აქტივის შეტანისა და პარტნიორზე ქონების გადაცემის დაბეგვრის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 30 ივნისის №208 საჯარო გადაწყვეტილებით დაზუსტდა საწარმოს კაპიტალში აქტივის შეტანის, ასევე საწარმოს ლიკვიდაციის ან კაპიტალის შემცირებისას პარტნიორზე ქონების გადაცემის საგადასახადო შედეგები.
საჯარო გადაწყვეტილება ეხება რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის, ფიზიკური პირის მიერ საწარმოს კაპიტალში აქტივის შეტანისას საგადასახადო შეღავათის გამოყენების პირობებს, კაპიტალის შემცირებისას პარტნიორზე ქონების გადაცემის დაბეგვრას და უძრავი ქონების გადაცემასთან დაკავშირებული შეღავათის გამოყენების წესს.
აქტივის შეტანა საწარმოს კაპიტალში
საგადასახადო კოდექსის 151-ე მუხლის მიხედვით, ფიზიკური პირის მიერ საწარმოსთვის აქტივის გადაცემა 50%-იანი ან მეტი წილის სანაცვლოდ არ განიხილება აქტივის მიწოდებად და აღნიშნული ოპერაცია არ ექვემდებარება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
საჯარო გადაწყვეტილებით განიმარტა, რომ აღნიშნული წესი გამოიყენება როგორც იმ შემთხვევაში, როდესაც პირი აქტივის გადაცემამდე უკვე ფლობს საწარმოს 50%-იან ან მეტ წილს, ასევე მაშინ, როდესაც 50%-იანი ან მეტი წილი მას სწორედ აქტივის შეტანის შედეგად წარმოეშობა.
ამასთან, აღნიშნული შეღავათი შესაძლებელია გავრცელდეს რამდენიმე პირის მიერ განხორციელებულ შენატანზეც, თუ მათი ჯამური წილი საწარმოში შეადგენს 50%-ს ან მეტს და აქტივზე არსებული ეკონომიკური ინტერესი და კონტროლი კვლავ იგივე პირის ან პირთა ჯგუფის ხელში რჩება.
ამასთან, მხოლოდ ის ფაქტი, რომ პირს ან პირთა ჯგუფს სხვადასხვა სახის აქტივი შეაქვს საწარმოს კაპიტალში, არ არის საკმარისი შეღავათის გამოყენებისთვის. გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება არა ოპერაციის ფორმას, არამედ აქტივზე არსებული კონტროლისა და ეკონომიკური ინტერესის შენარჩუნებას.
აღნიშნული მიდგომა ვრცელდება მხოლოდ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილ საწარმოებზე. შესაბამისად, უცხოური კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილ იურიდიულ პირზე აქტივის გადაცემის შემთხვევაში აღნიშნული შეღავათი არ გამოიყენება.
თუ აქტივი საწარმოს გადაეცემა 50%-ზე ნაკლები წილის სანაცვლოდ, საგადასახადო კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებული შეღავათი არ გამოიყენება და ოპერაცია ექვემდებარება დაბეგვრის ზოგად წესებს.
კაპიტალის შემცირების ან ლიკვიდაციისას პარტნიორზე ქონების გადაცემა
საჯარო გადაწყვეტილებით განიმარტა, რომ საწარმოს ლიკვიდაციის ან კაპიტალის შემცირებისას პარტნიორზე გადაცემული ქონების ის ნაწილი, რომელიც შეესაბამება პარტნიორის მიერ განხორციელებული შენატანის საგადასახადო ღირებულებას, დივიდენდად არ განიხილება.
თუ პარტნიორზე გადაცემული ქონების ღირებულება აღემატება პარტნიორის მიერ განხორციელებული შენატანის საგადასახადო ღირებულებას, აღნიშნული სხვაობა განიხილება დივიდენდად და ექვემდებარება შესაბამის დაბეგვრას.
განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ შემთხვევას, როდესაც ფიზიკურმა პირმა საწარმოს კაპიტალში აქტივი შეიტანა 50%-იანი ან მეტი წილის სანაცვლოდ და შემდგომ ხდება აღნიშნული აქტივის პარტნიორისთვის დაბრუნება.
საჯარო გადაწყვეტილებით განისაზღვრა, რომ ასეთ შემთხვევაში აქტივი საგადასახადო მიზნებისთვის აღირიცხება იმ ღირებულებით, რაც მას აქტივის გადამცემ პირთან გააჩნდა გადაცემის მომენტში, ხოლო აქტივის დაუბეგრავად დაბრუნების ფარგლები განისაზღვრება აღნიშნული საგადასახადო ღირებულების ფარგლებში.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მიდგომა განსხვავდება იმ შემთხვევებისგან, როდესაც აქტივის შეფასება შესაძლოა ეფუძნებოდეს მის საბაზრო ღირებულებას. შესაბამისად, თუ აქტივის საბაზრო ღირებულება მნიშვნელოვნად აღემატება მის საგადასახადო ღირებულებას, სხვაობამ შესაძლოა წარმოშვას დამატებითი საგადასახადო შედეგები. აღნიშნული საკითხი პრაქტიკაში მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კაპიტალის სტრუქტურირებასა და აქტივების შემდგომ განაწილებაზე და შესაძლოა საჭიროებდეს დამატებით განმარტებას.
საშემოსავლო გადასახადის შეღავათი უძრავი ქონების გადაცემისას
საჯარო გადაწყვეტილება ასევე განმარტავს ფიზიკური პირისთვის გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადის შეღავათის გამოყენების პირობებს.
თუ საწარმოს ლიკვიდაციის ან კაპიტალის შემცირების შედეგად პარტნიორ ფიზიკურ პირს გადაეცემა უძრავი ქონება და მას საწარმოს წილი 2 წელზე მეტი ვადით ეკუთვნოდა, მიღებული ნამეტი შესაძლებელია გათავისუფლდეს საშემოსავლო გადასახადისგან.
აღნიშნული შეღავათი ვრცელდება მხოლოდ უძრავი ქონების გადაცემაზე და არ გამოიყენება მოძრავი ქონების ან სხვა სახის აქტივების შემთხვევაში.
პრაქტიკული მნიშვნელობა
№208 საჯარო გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია საწარმოს კაპიტალის დაგეგმვის, აქტივების კაპიტალში შეტანისა და შემდგომი განაწილების ოპერაციების განხორციელებისას. კომპანიებმა და პარტნიორებმა მსგავსი ოპერაციების დაგეგმვისას უნდა გაითვალისწინონ როგორც შეღავათის გამოყენების პირობები, ასევე შესაძლო საგადასახადო შედეგები.
საჯარო გადაწყვეტილება ძალაში შევიდა გამოქვეყნებისთანავე - 2026 წლის 3 ივლისს.
გადაიწია საგადასახადო შეღავათით მოსარგებლე პირებისთვის გადასახადის დაბრუნების ახალი წესის ამოქმედების ვადა
2026 წლის 27 ივლისის ცვლილება შევიდა ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანებაში.
საგადასახადო შეღავათით მოსარგებლე პირებისთვის გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის თანხის დაბრუნების ახალი წესის ამოქმედებების ვადად განსაზღვრული იყო 2026 წლის 1 ივლისი.
ახალი ბრძანებით, აღნიშნული წესების ამოქმედება გადაიდო და ისინი ძალაში შევა 2027 წლის 1 იანვრიდან (გარდა №996 ბრძანების 39⁶ მუხლის მე-8 პუნქტისა, რომელიც უკვე ამოქმედებულია).
შესაბამისად, საგადასახადო შეღავათით მოსარგებლე პირებისთვის გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დაბრუნების განახლებული პროცედურის ამოქმედება 6 თვით გადავადდა.
ცვლილება ძალაში შევიდა გამოქვეყნებისთანავე.
საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის მქონე სათამაშო ბიზნესის ოპერატორები მოსაკრებლისგან გათავისუფლდნენ
2026 წლის 25 ივნისის ცვლილება შევიდა „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში. ცვლილების შედეგად გაფართოვდა იმ პირთა წრე, რომელზეც სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება არ ვრცელდება.
ახალი წესით, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლისგან თავისუფლდებიან ასევე:
- სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის მქონე პირები;
- სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის მქონე პირები;
- სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის მქონე პირები.
ცვლილებამდე არსებული რეგულაციით მსგავსი შეღავათი ვრცელდებოდა მხოლოდ გარკვეული კატეგორიის სისტემურ-ელექტრონული ფორმით საქმიანობის განმახორციელებელ პირებზე.
ცვლილების შედეგად საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის მქონე ოპერატორებისთვის სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლით დაბეგვრისგან გათავისუფლების ფარგლები გაფართოვდა.
კანონი ძალაში შევიდა გამოქვეყნებისთანავე - 2026 წლის 3 ივლისს.




