წინასწარი გადაწყვეტილების საფასური ორმაგდება

2026-06-22

წინასწარი გადაწყვეტილების საფასური ორმაგდება

რა უნდა იცოდეს ბიზნესმა?

2027 წლის 1 იანვრიდან წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის საფასური ორმაგდება და ბიზნესისთვის 20 000 ლარი, ხოლო რეზიდენტი ფიზიკური პირებისთვის 10 000 ლარი გახდება. ცვლილება მნიშვნელოვანია, რადგან წინასწარი გადაწყვეტილება საგადასახადო რისკების მართვის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ინსტრუმენტად მიიჩნევა და ბიზნესს კონკრეტული ოპერაციის საგადასახადო შედეგების წინასწარი განსაზღვრის შესაძლებლობას აძლევს.


რა არის წინასწარი გადაწყვეტილება?

წინასწარი გადაწყვეტილება არის შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გაიცემა განხორციელებულ ან განსახორციელებელ ოპერაციასთან დაკავშირებით. დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს შემოსავლების სამსახურს საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების, ანგარიშგების წესების ან იმ მოსაკრებლების ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომელთა ადმინისტრირებასაც საგადასახადო ორგანო ახორციელებს. წინასწარი გადაწყვეტილება ვრცელდება მხოლოდ იმ პირზე, რომლის მიმართაც არის გამოცემული და ეფუძნება მხოლოდ მის მიერ წარმოდგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ამასთან, მოთხოვნაში წარმოდგენილი ინფორმაცია საგადასახადო საიდუმლოებას წარმოადგენს.


რატომ არის მნიშვნელოვანი ბიზნესისთვის?

წინასწარი გადაწყვეტილება ბიზნესს საშუალებას აძლევს, მნიშვნელოვანი ან კომპლექსური ოპერაციის განხორციელებამდე მიიღოს საგადასახადო ორგანოს ოფიციალური პოზიცია და შეამციროს გაურკვევლობა საგადასახადო შედეგებთან დაკავშირებით. მისი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. კერძოდ, თუ გადასახადის გადამხდელი მოქმედებს წინასწარი გადაწყვეტილების შესაბამისად, დაუშვებელია მაკონტროლებელი ან სამართალდამცავი ორგანოს მიერ მის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება და გადასახადის ან/და სანქციის დარიცხვა შესაბამის საკითხზე. აღსანიშნავია ისიც, რომ სხვადასხვა პირის მიერ განხორციელებული იდენტური ოპერაციების შემთხვევაში განსხვავებული წინასწარი გადაწყვეტილებების გამოცემა დაუშვებელია, რაც საგადასახადო პრაქტიკის თანმიმდევრულობასა და პროგნოზირებადობას უწყობს ხელს.


რა იცვლება 2027 წლიდან?

დღეს მოქმედი ტარიფების მიხედვით, წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის საფასური შეადგენს:

  1. 10 000 ლარს – ბიზნესისთვის;
  2. 5 000 ლარს – რეზიდენტი ფიზიკური პირებისთვის.

2027 წლის 1 იანვრიდან კი საფასური გაიზრდება და განისაზღვრება:

  1. 20 000 ლარით – ბიზნესისთვის
  2. 10 000 ლარით – რეზიდენტი ფიზიკური პირებისთვის


რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ცვლილებას?

იზრდება. წინასწარი გადაწყვეტილება განსაკუთრებით აქტუალურია არასტანდარტული, მაღალი ღირებულების ან საგადასახადო თვალსაზრისით კომპლექსური ოპერაციების შემთხვევაში, როდესაც არსებობს ნორმების განსხვავებული ინტერპრეტაციის ან შემდგომი საგადასახადო დავის რისკი.

საფასურის გაორმაგებამ შესაძლოა შეამციროს აღნიშნული ინსტრუმენტის ხელმისაწვდომობა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც ოპერაციის მოცულობა არ ამართლებს ასეთი ოდენობის ხარჯს. შედეგად, გადასახადის გადამხდელებმა შესაძლოა მეტი გადაწყვეტილება დამოუკიდებელი ინტერპრეტაციის საფუძველზე მიიღონ, რაც მომავალში დამატებითი დარიცხვებისა და საგადასახადო დავების რისკს ზრდის.

მეორე მხრივ, მსხვილი ინვესტიციების, რეორგანიზაციების, საერთაშორისო ტრანზაქციების ან სხვა მაღალი რისკის მქონე ოპერაციების შემთხვევაში, წინასწარი გადაწყვეტილება სავარაუდოდ კვლავ დარჩება საგადასახადო რისკების მართვის მნიშვნელოვან ინსტრუმენტად. ასეთ პროექტებში პოტენციური საგადასახადო რისკებისა და სანქციების ფინანსური ეფექტი ხშირად მნიშვნელოვნად აღემატება თავად მომსახურების საფასურს, რის გამოც წინასწარი სამართლებრივი განსაზღვრულობის მიღება კვლავ ეკონომიკურად გამართლებული იქნება.

დასკვნა

წინასწარი გადაწყვეტილება რჩება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მექანიზმად, რომელიც ბიზნესს საშუალებას აძლევს წინასწარ შეათანხმოს საგადასახადო ორგანოსთან კონკრეტული ოპერაციის საგადასახადო შედეგები და ამ გზით შეამციროს საგადასახადო რისკები.

გააზიარე

მსგავსი პუბლიკაციები