საგადასახადო სიახლეები - მაისი 2025

2025-05-31

საგადასახადო სიახლეები - მაისი 2025

· დაგროვებითი პენსიის ადმინისტრირების წესი შეიცვალა 

2025 წლის 1 მაისიდან ამოქმედდა ცვლილება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში, რომელიც არსებითად ცვლის დაგროვებითი საპენსიო შენატანების ადმინისტრირების წესს. 

საპენსიო შენატანებს დამსაქმებლი/თვითდასაქმებული მხოლოდ შემოსავლების სამსახურის საშემოსავლო დეკლარაციის მეშვეობით განახორციელებს.

დამსაქმებელმა/თვითდასაქმებულმა, საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში (საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენის დღემდე, საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე), უნდა:

  • უზრუნველყოს საბალანსო თანხის არსებობა საპენსიო ფონდის ანგარიშზე;
  • წარადგინოს საშემოსავლო დეკლარაცია.

⚠️რა მოყვება დარღვევას?

თუ დამსაქმებელი ვალდებულებას არ შეასრულებს მას დაეკისრება ჯარიმა 500 ლარის ოდენობით (იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით-1000 ლარის ოდენობით) და საურავი; დაკისრებული ჯარიმის/საურავის გადახდასთან ერთად, დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს საპენსიო შენატანის სრული დაფარვა საკუთარი ხარჯით (დასაქმებულის ხელფასიდან გამოქვითვის გარეშე).

2025 წლის 1 მაისამდე წარმოშობილ ვალდებულებებზე საპენსიო შენატანების განხორციელება შესაძლებელი იქნება მხოლოდ საპენსიო სისტემაში სპეციალური მაკორექტირებელი დეკლარაციების წარდგენის მეშვეობით.

  1. მაკორექტირებელი დეკლარაცია ავტომატურად გენერირდება საპენსიო ფონდში არსებულ მონაცემთა და შემოსავლების სამსახურის მონაცემთა     შედარებით;
  • პირი, რომელმაც დაარღვია ვალდებულება 2025 წლის 1 მაისამდე, მაგრამ სრულად შეასრულებს მას ფონდის მონიტორინგის დაწყებამდე, თავიდან აირიდებს სანქციებს.

ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების გამოვლენის შემთხვევაში პირი დაჯარიმდება და მოეთხოვება შეუსრულებელი ვალდებულების შესრულება;

📢 საშემოსავლო დეკლარაციის ყოველი დაზუსტება, საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვის შემდგომ, (გარდა იმ შემთხვევისა, როცა გამოვლინდება რომ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულება არ არსებობს, ან ზედმეტად მოხდა საპენსიო შენატანის განხორციელება) გამოიწვევს დამსაქმებლის მიმართ ჯარიმისა და საურავის დაკისრებას.

· ცვლილება საგადასახადო დოკუმენტთან დაკავშირებით

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებულ „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციაში განხორციელდა ცვლილება. კერძოდ, ინსტრუქციის 112-ე მუხლს (გარდამავალი დებულებები) დაემატა 75-ე და 76-ე პუნქტები.

ცვლილების მიხედვით, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერა შესაძლებელი იქნება მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:

  • მომსახურების გაწევისას იმ პირის მიერ, რომელიც  არ არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული;
  • დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირისთვის - მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო დოკუმენტი გამოწერილია ცვლილების ამოქმედებამდე (2025 წლის 1 მაისამდე) და საჭირო ხდება მისი კორექტირება ან/და ავანსის საგადასახადო     დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში, საბოლოო მიწოდების დოკუმენტის გამოწერის მიზნით.

ცვლილების ამოქმედების თარიღია 2025 წლის 1 მაისი.

· დამტკიცდა საზოგადოებრივი დაინტერესების პირისთვის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმის მიერ გამჭვირვალობის შესახებ წლიური ანგარიშის შედგენისა და გამოქვეყნების წესი.

ეს წესი არეგულირებს იმ აუდიტორული ფირმების ვალდებულებებს, რომლებიც ასრულებენ საზოგადოებრივი დაინტერესების პირების (სდპ) აუდიტს. ფირმებმა ყოველწლიურად უნდა მოამზადონ გამჭვირვალობის ანგარიში და გამოაქვეყნონ თავიანთ ვებ-საიტზე. ანგარიშში უნდა აისახოს ინფორმაცია ორგანიზაციულ სტრუქტურაზე, შემოსავლებზე, შიდა კონტროლზე, დამოუკიდებლობაზე, აუდიტის ხარისხზე და სხვა დეტალებზე, რაც ხელს უწყობს ნდობის ზრდას და შესაბამისობას ევროკავშირის სტანდარტებთან.

🔹 წესი ძალაში შევა 2025 წლის 1 სექტემბრიდან.

· ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების 2025 წლის ქართული გამოცემა სავალდებულოდ ამოქმედდა

2025 წლის 8 მაისს, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანებით №ნ-4, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) 2025 წლის გამოცემა დამტკიცდა ქართულ ენაზე.

ბრძანების შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი დაინტერესებული სუბიექტებისთვის სავალდებულო ხდება IFRS-ის 2025 წლის რედაქციის გამოყენება, რომელიც ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს (IASB) მიერ არის მიღებული.  

  • სტანდარტები ძალაში შევა 2025 წლის 1 იანვარს    და გამოიყენება ყველა იმ საანგარიშგებო პერიოდისთვის, რომელიც აღნიშნული თარიღის     შემდეგ დაიწყება;
  • სტანდარტების სრული ტექსტი განთავსდება ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე – www.saras.gov.ge;

აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ფინანსური გამჭვირვალობისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. 

· NCTS-ის დეკლარაციის სავალდებულო გამოყენება და პრაქტიკული მნიშვნელობა

მიმდინარე წლის 15 მაისიდან სავალდებულო ხდება NCTS დეკლარაციის გამოყენება, საავტომობილო და საზღვაო ტრანსპორტით გადაადგილებული (გარდა TIR წიგნაკით გადაზიდვის შემთხვევებისა) გარე გადამუშავების, ექსპორტის პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებული საქონლის მიმართ, ხოლო 1 ივლისიდან ეს ვალდებულება გავრცელდება ტრანზიტის პროცედურაში მოქცეულ საქონელზეც.

📌 რა არის NCTS?

NCTS (New Computerised Transit System) არის ელექტრონული სატრანზიტო სისტემა, რომელიც გამოიყენება საერთაშორისო სატრანზიტო გადაზიდვებისთვის, რათა საქონელი მარტივად და უსაფრთხოდ გადაადგილდეს ერთი ქვეყნიდან მეორეში საბაჟო საზღვრების გავლით, საბაჟო გადასახადების გადახდის გარეშე ტრანზიტის დასრულებამდე.

საშუალებას იძლევა მასში შევსებული ტრანზიტის დეკლარაციით საქონელი გადაადგილდეს:

• CTC-ის წევრი ქვეყნიდან CTC-ის წევრი ქვეყნის დანიშნულებით;

• მესამე ქვეყნიდან CTC-ის წევრი ქვეყნის დანიშნულებით;

• CTC-ის წევრი ქვეყნიდან მესამე ქვეყნის გავლით CTC-ის წევრი ქვეყნის დანიშნულებით;

• CTC-ის წევრი ქვეყნიდან მესამე ქვეყნის დანიშნულებით.

NCTS-ში შევსებული ტრანზიტის დეკლარაციით საქონლის გადაადგილების უპირატესობები

• ინფორმაციის „რეალურ დროში“ გაცვლა საერთაშორისო დონეზე;

• ელექტრონულად დაკავშირებული სხვადასხვა ქვეყნის საბაჟო ორგანოები;

• საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულების გამარტივება;

• საბაჟო ფორმალობებისთვის საჭირო დროის შემცირება;

• დეტალური ინფორმაცია ტვირთის გადაადგილების შესახებ;

• საბაჟო ფორმალობების ევროკავშირის სტანდარტებთან მეტად დაახლოება.

გააზიარე

მსგავსი პუბლიკაციები