საგადასახადო სიახლეები - ნოემბერი 2025
2025-11-30
1. 2025 წლის 12 ნოემბერს ცვლილება შევიდა საქართველოს საგადასახადო კოდექსში, რომლის მიხედვითაც:
· საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 20 კოდში მითითებული ფილტრიანი /უფილტრო სიგარეტებისათვის, 20 ღერზე აქციზის განაკვეთია ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული აქციზის განაკვეთისა და ამ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასის 20 პროცენტის ჯამი. აღნიშნულ ცვლილებამდე აქციზის განაკვეთი ჯამის 30 პროცენტი იყო.
· 70^1 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის საბოლოო მშობელი საწარმო, რომელიც საქართველოს რეზიდენტია, ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ქვეყნების მიხედვით ანგარიში საანგარიშო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 12 კალენდარული თვისა. აღნიშნულ ცვლილებამდე ანგარიში საანგარიშო წლის მომდევნო წლის 31 დეკემბრამდე უნდა ყოფილიყო წარდგენილი.
აღნიშნული ცვლილება ძალაში შევა 2026 წლის 1 იანვრიდან.
· ასევე ცვლილება შეეხო 82 მუხლს,რომელიც არეგულირებს გადასახადების განთავისუფლებას. საშემოსავლოს გადასახადისგან განთავისუფლეულია 2028 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ასეთი მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი 200 000 ლარს არ აღემატებ.
ამოქმედდება 2026 წლის 1 იანვრიდან
· 2028 წლის 1 იანვრამდე განთავისუფელბულია - რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი და სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული ფიზიკური პირის მიერ ამ საქმიანობის ფარგლებში გაცემული ხელფასი, თუ დამქირავებლის მიერ აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი 200 000 ლარს არ აღემატება”.
საინვესტიციო ოქრო − არანაკლებ 995/1000 სინჯის ოქროს ზოდი ან ფირფიტა, აგრეთვე არანაკლებ 900/1000 სინჯის ოქროსგან დამზადებული ოქროს მონეტა, რომელიც გამოშვებულია 1800 წლის შემდეგ და გამოშვების ქვეყანაში ფულად-საგადახდო საშუალებად გამოიყენება/გამოიყენებოდა.
შენიშვნა: საინვესტიციო ოქროს სტატუსის დადგენის დამატებითი კრიტერიუმები და წესი, აგრეთვე იმ ოქროს მონეტების სია, რომლებიც აკმაყოფილებს საინვესტიციო ოქროს კრიტერიუმებს, განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით
· დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით თავისუფლდება უძრავი ქონების მიწოდება, აგრეთვე უძრავი ქონების მიმწოდებლის მიერ მიწოდებულ ქონებასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა, თუ შესრულებულია ყველა პირობა, მათ შორის:
ა) უძრავი ქონების მიწოდება და მასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურება 2015 წლის 1 იანვრიდან 2029 წლის 1 იანვრამდე პერიოდში განხორციელდა;
ბ) მიწოდებული უძრავი ქონება განთავსებულია იმ ობიექტში, რომელიც აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:
ბ.ა) ობიექტი 2008 წლის 8 აგვისტოსთვის ძალაში მყოფი მშენებლობის ნებართვით არის გათვალისწინებული;
ბ.ბ) ობიექტზე 2008 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით საპროექტო დოკუმენტაცია (არქიტექტურული პროექტი) უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებული იყო, მშენებლობის ნებართვა კი შემდგომ გაიცა;
ბ.გ) ამ ნაწილის „ბ.ა“ ან „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ობიექტზე 2008 წლის 8 აგვისტოს შემდგომ პერიოდში შეიცვალა საპროექტო დოკუმენტაცია (არქიტექტურული პროექტი) ან განხორციელდა არსებული შენობის დემონტაჟი და გაიცა ახალი მშენებლობის ნებართვა;
გ) უძრავი ქონების მიმწოდებელი ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ობიექტზე გაცემული მშენებლობის ნებართვის მფლობელია (იგი შეიძლება არ იყოს ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მშენებლობის ნებართვის/საპროექტო დოკუმენტაციის (არქიტექტურული პროექტის) მფლობელი;
დ) იმ ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, უფლებამოსილი ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს 2029 წლის 1 იანვრამდე გამოსცემს;
ე) ობიექტი, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, მთლიანად ან ნაწილობრივ საცხოვრებლადაა განკუთვნილი;
ვ) ობიექტი, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, ამ მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაშია შეტანილი.
შენიშვნა: ამ ნაწილის მიზნებისთვის, თუ 2008 წლის 8 აგვისტოდან 2015 წლის 1 იანვრამდე პერიოდში ამ მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაში შეტანილ ობიექტში განთავსებულ უძრავ ქონებაზე, როგორც მშენებარე ობიექტზე, საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა შემძენზე, ამ ქონების მიწოდებასთან დაკავშირებით ქონების მიმწოდებლის მიერ გაწეული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურება მიიჩნევა უძრავი ქონების მიწოდების ნაწილად, ხოლო მიწოდების დროდ სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების დასრულების მომენტი ჩაითვლება
დეტალური ინფორმაცია 2025 წლის 12 ნოემბერს საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ლინკზე
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | სსიპ ”საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”
2. ცვლილება „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონში .
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც პირველ მუხლს, რომელიც არეგულირებს კანონის მიზანსა და გამოყენების სფეროს, დაემატა შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია შეასრულოს ამ კანონის 41-ე მუხლის მოთხოვნები გაეროს წესდების VII თავის საფუძველზე მიღებული ტერორიზმის დაფინანსებისა და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის თაობაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესაბამისად მოქმედი გაეროს სანქციების კომიტეტის მიერ და გაეროს უშიშროების საბჭოს 1373 (2001) რეზოლუციის საფუძველზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის (შემდგომ − სამთავრობო კომისია) მიერ სანქციადაკისრებულ პირთა სიაში შეყვანილი პირების მიმართ.“.
როგორც ვიცით, მე-10 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად აკრძალულია საქმიანი ურთიერთობის დამყარება ან გაგრძელება, ერთჯერადი გარიგების დადება ან შესრულება, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ კლიენტი ან გარიგების მონაწილე სხვა პირი ამ კანონის 41-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ერთ-ერთი პირია. ასეთ შემთხვევაში ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია სამსახურს წარუდგინოს ამ კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგება. შეტანილი ცვლილების მიხედვით , ანგარიშვალდებულმა პირმა აღნიშნულ ანგარიშგებაში უნდა მიუთითოს იმ აქტივების შესახებ ინფორმაცია, რომლებზედაც შეზღუდვა დააწესა”.
გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების აღსრულებას, დაემატა შემდეგი შინაარსის მუხლები;
7. ყველა ფიზიკური პირი და იურიდიული პირი ვალდებულია ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე სანქციადაკისრებული პირისთვის დაუყოვნებლივ, წინასწარი შეტყობინების გარეშე არ გახადოს ხელმისაწვდომი ფულადი სახსრები ან სხვა ქონება. სანქციადაკისრებული პირისთვის პირდაპირ ან არაპირდაპირ ხელმისაწვდომი არ უნდა გახდეს ფულადი სახსრები ან სხვა აქტივები, ეკონომიკური რესურსი, რომელსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს, განკარგავს ან აკონტროლებს ეს პირი ან მისი სახელით ან დავალებით მოქმედი პირი, გარდა გაეროს უშიშროების საბჭოს შესაბამისი რეზოლუციით დაწესებული გამონაკლისისა, აგრეთვე ფინანსური მომსახურება და სხვა, მასთან დაკავშირებული მომსახურება.
8. ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების თაობაზე წერილობით ან კომუნიკაციის ნებისმიერი ტექნიკური საშუალების გამოყენებით აცნობებს სამსახურს.
9. ყველა ფიზიკური პირი და იურიდიული პირი ვალდებულია სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ, პირველი შესაძლებლობისთანავე მიაწოდოს მას დოკუმენტი ან/და ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია სამსახურის მიერ ამ კანონის 35-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განსახორციელებლად“.
ასევე კანონს დაემატა შემდეგი შინაარსის X1 თავი: ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება.