დაგროვებითი პენსიის ადმინისტრირების წესი შეიცვალა
2025-05-07
რა უნდა იცოდეს ბიზნესმა
2025 წლის 1 მაისიდან ამოქმედდა ცვლილება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში, რომელიც არსებითად ცვლის დაგროვებითი საპენსიო შენატანების ადმინისტრირების წესს.
საპენსიო შენატანებს დამსაქმებლი/თვითდასაქმებული მხოლოდ შემოსავლების სამსახურის საშემოსავლო დეკლარაციის მეშვეობით განახორციელებს.
რა ვალდებულება ეკისრებათ დამსაქმებლებს?
დამსაქმებელმა/თვითდასაქმებულმა, საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში (საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენის დღემდე, საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე), უნდა:
- უზრუნველყოს საბალანსო თანხის არსებობა საპენსიო ფონდის ანგარიშზე;
- წარადგინოს საშემოსავლო დეკლარაცია.
საბალანსო თანხის არსებობის შემთხვევაში, საპენსიო დეკლარაცია, ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ავტომატურად დაიხურება იმავე დღის 00.00 საათზე. თუ ანგარიშზე თანხა არ იქნება, დეკლარაცია არ დაიხურება, შესაბამისად საპენსიო შენატანი ვერ განხორციელდება.
⚠️რა მოყვება დარღვევას?
თუ დამსაქმებელი ვალდებულებას არ შეასრულებს მას დაეკისრება ჯარიმა 500 ლარის ოდენობით (იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით-1000 ლარის ოდენობით) და საურავი; დაკისრებული ჯარიმის/საურავის გადახდასთან ერთად, დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს საპენსიო შენატანის სრული დაფარვა საკუთარი ხარჯით (დასაქმებულის ხელფასიდან გამოქვითვის გარეშე).
დამსაქმებელს საურავი დაერიცხება საპენსიო შენატანის იმ ოდენობაზე, რომელიც არ განხორციელებულა ან შესაბამისი ვადის დარღვევით განხორციელდა, საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების წარმოშობის დღისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ოდენობით.
საურავის დაკისრება არ ზღუდავს დამსაქმებელს განახორციელოს საპენსიო შენატანები, თუმცა საურავის დარიცხვა გაგრძელდება ვიდრე სრულად არ მოხდება შესაბამისი საპენსიო შენატანის განხორციელება.
2025 წლის 1 მაისამდე წარმოშობილ ვალდებულებებზე საპენსიო შენატანების განხორციელება შესაძლებელი იქნება მხოლოდ საპენსიო სისტემაში სპეციალური მაკორექტირებელი დეკლარაციების წარდგენის მეშვეობით.
- მაკორექტირებელი დეკლარაცია ავტომატურად გენერირდება საპენსიო ფონდში არსებულ მონაცემთა და შემოსავლების სამსახურის მონაცემთა შედარებით;
- პირი, რომელმაც დაარღვია ვალდებულება 2025 წლის 1 მაისამდე, მაგრამ სრულად შეასრულებს მას ფონდის მონიტორინგის დაწყებამდე, თავიდან აირიდებს სანქციებს.
ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების გამოვლენის შემთხვევაში პირი აჯარიმდება და მოეთხოვება შეუსრულებელი ვალდებულების შესრულება;
🔍 მონიტორინგი და აღსრულება
საპენსიო ფონდი უფლებამოსილია დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ან/და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის გამოვლენის მიზნით, განახორციელოს დამსაქმებლ(ებ)ის:
- გეგმური ან არაგეგმური მონიტორინგი;
- არაგეგმური მონიტორინგის საფუძველი შესაძლოა იყოს დაინტერესებული პირის განცხადება ან სხვა გარემოება;
თუ დამსაქმებლის მიერ ვალდებულება 30 დღეში არ შესრულდება ფონდი გამოსცემს სააღსრულებო ფურცელს, რის შედეგადაც:
- ჯარიმა მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში;
- საპენსიო შენატანი და საურავი ჩაირიცხება შესაბამის ნომინალურ ანგარიშზე და ავტომატურად გადანაწილდება დასაქმებულთა ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშებზე.
2025 წლის 1 მაისის შემდგომ პერიოდისათვის საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი გამოვლინდება ავტომატურად შემოსავლების სამსახურის სისტემისა და ფონდის ელექტრონული სისტემის მეშვეობით ინფორმაციის მიმოცვლის შედეგად.
დამსაქმებლის მიერ საშემოსავლო დეკლარაციის საფუძველზე, ყოველ საანგარიშო პერიოდზე, არა უგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, საპენსიო შენატანის განუხორციელებლობა გამოიწვევს ავტომატურად სისტემის მეშვეობით დამსაქმებლის დაჯარიმებას და საურავის დაკისრებას.
📢 საშემოსავლო დეკლარაციის ყოველი დაზუსტება, საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვის შემდგომ, (გარდა იმ შემთხვევისა, როცა გამოვლინდება რომ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულება არ არსებობს, ან ზედმეტად მოხდა საპენსიო შენატანის განხორციელება) გამოიწვევს დამსაქმებლის მიმართ ჯარიმისა და საურავის დაკისრებას.
სქემაში ნებაყოფლობით ან ხელახლა გაწევრიანება
საპენსიო სქემაში, ნებაყოფლობით ან/და ხელახლა გაწევრებისთვის 2025 წლის 1 მაისიდან დასაქმებულმა/თვითდასაქმებულმა, დამსაქმებლის ნაცვლად, უნდა მიმართოს საქართველოს საპენსიო ფონდს ან იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალს.