მნიშვნელოვანი ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
2025-11-12
რა უნდა იცოდეს ბიზნესმა
საქართველოს პარლამენტმა 11 ნოემბერს პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა საგადასახადო კოდექსში მნიშვნელოვან ცვლილებებს.
ცვლილებები შეეხება როგორც მულტინაციონალურ კომპანიებს, ისე ბაზრობებზე მოვაჭრეებსა და სპეციალურ სავაჭრო ზონებში მოქმედ ბიზნესებს.
რა იცვლება
საგადასახადო შეღავათების ვადა გრძელდება 2028 წლამდე
მოქმედი შეღავათები ძალაში დარჩება შემდეგ სფეროებში:
სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა;
თამბაქოს ნედლეულის იმპორტი;
საინვესტიციო ოქროს მიწოდება და იმპორტი;
ბაზრობებზე არასტაციონარული ობიექტებიდან მოვაჭრე ფიზიკური პირები;
საცხოვრებელი ფართის მოკლე ვადით გაქირავება;
2008 წლამდე დაწყებული მშენებლობების დასრულება.
უქმდება ბაზრობებისა და სპეციალური სავაჭრო ზონების სპეციალური დაბეგვრის რეჟიმი
კოდექსიდან ამოიღებენ შესაბამისი მარეგულირებელი ნორმები, რაც ნიშნავს, რომ ბაზრობებზე მოქმედი სპეციალური საგადასახადო პირობები აღარ იარსებებს.
ახალი ვალდებულება მულტინაციონალური ჯგუფებისთვის
საქართველოს რეზიდენტ მულტინაციონალურ ჯგუფებს დაეკისრებათ ვალდებულება წარადგინონ ქვეყნების მიხედვით ანგარიში (Country-by-Country Report) – საანგარიშო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 12 თვისა.
სალარო აპარატების გამონაკლისი გაგრძელდება
ფიზიკური პირები, რომლებიც არ ჰყავთ დაქირავებული მუშაკები და საქმიანობენ ბაზრობაზე დახლიდან ან სხვა არასტაციონარული ობიექტიდან, 2028 წლამდე კვლავ გათავისუფლდებიან სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისგან.
რას უნდა ელოდოს ბიზნესი?
ცვლილებები ნაწილობრივ შეამსუბუქებს საგადასახადო ტვირთს, თუმცა სპეციალური ზონებისა და ბაზრობების რეჟიმის გაუქმება შესაძლოა გადახედვას საჭიროებდეს ბიზნესმოდელების მხრიდან.
ექსპერტების შეფასებით, კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია წინასწარ გააანალიზონ, როგორ აისახება ეს ცვლილებები მათ ოპერაციებზე და საჭიროების შემთხვევაში მოამზადონ საგადასახადო ადაპტაციის გეგმა.
საგადასახადო ცვლილებები განხილვის რეჟიმშია და საბოლოო ტექსტი შესაძლოა ცვლილებებს დაექვემდებაროს.
#საგადასახადო #ბიზნესი #ფინანსები #კანონმდებლობა #Tax #Georgia #საბიზნესოინფორმაცია