საჯარო გადაწყვეტილება საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის

2025-12-19

საჯარო გადაწყვეტილება საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის

საჯარო გადაწყვეტილება საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის მოსწავლეთა ტრანსპორტირებისა და კვების მომსახურების დღგ-ისგან გათავისუფლების შესახებ

2025 წლის 29 მაისს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა გამოსცა საჯარო გადაწყვეტილება №133, რომელიც განმარტავს საგადასახადო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის გამოყენების წესს იმ შემთხვევებში, როდესაც საგანმანათლებლო დაწესებულება მოსწავლეთათვის უზრუნველყოფს ტრანსპორტირების და/ან კვების მომსახურებას.

ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი სიახლეა განათლების სექტორისთვის, რადგან ზუსტად განსაზღვრავს, როდის შეიძლება აღნიშნული მომსახურებები გათავისუფლდენ დამატებული ღირებულების გადასახადისგან (დღგ) და ამ გზით აგვარებს პრაქტიკაში არსებულ სამართლებრივ გაურკვევლობებს.

საჯარო გადაწყვეტილების არსი

საჯარო გადაწყვეტილების თანახმად, საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მოსწავლეთათვის ტრანსპორტირების ან კვების მომსახურების გაწევა ჩაითვლება განათლების მომსახურებისადმი დამხმარე ხასიათის მომსახურებად, რაც ნიშნავს, რომ აღნიშნული ოპერაციები გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე.

შეღავათი ვრცელდება მხოლოდ მაშინ, როდესაც დაკმაყოფილებულია ორი მთავარი პირობა:

1. მომსახურება უნდა განხორციელდეს საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ან მისი სახელით:

· ტრანსპორტირების ან კვების მომსახურება უნდა მიეწოდოს მოსწავლეებს უშუალოდ საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ან მისი სახელით;

· თუ მომსახურება შეძენილია მესამე პირისგან, აუცილებელია, რომ:

-მომსახურება კვლავ განხორციელდეს საგანმანათლებლო დაწესებულების სახელით

- მოსწავლეთაგან შესაბამისი ანაზღაურების მოთხოვნის უფლება ჰქონდეს მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულებას.

2. მომსახურება უნდა იყოს არსებითად დაკავშირებული განათლების პროცესთან:

დამხმარე მომსახურებად ითვლება მხოლოდ ის, რაც:

· ხელს უწყობს სასწავლო პროცესის გამართულად წარმართვას;

· აუმჯობესებს განათლების მიღების პირობებს;

· აუცილებელია სასწავლო პროცესის ორგანიზებისათვის

შესაბამისად, აღნიშნული ნორმით:

· მოსწავლეთა ტრანსპორტირება - სახლიდან სკოლამდე და სკოლიდან სახლში გადაყვანა - განიხილება განათლების პროცესისთვის აუცილებელ დამხმარე ელემენტად, რადგან უზრუნველყოფს მოსწავლეთა უსაფრთხოებასა და სასწავლო პროცესის უწყვეტობას;

· მოსწავლეთა კვება, რომელიც ხორციელდება სწავლის ეფექტიანობისა და მოსწავლეთა კომფორტის უზრუნველსაყოფად, ასევე მიიჩნევა განათლების მომსახურებასთან დაკავშირებულ დამხმარე ოპერაციად.

შესაბამისად, ორივე ტიპის მომსახურება გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე.

საჯარო გადაწყვეტილება ამარტივებს საგადასახადო გარემოს და ზრდის სამართლებრივ გამჭვირვალობას განათლების სფეროში. გადაწყვეტილება აუმჯობესებს ფინანსურ პროგნოზირებადობას და ამცირებს საგადასახადო რისკებს განათლების სფეროში.

რას უნდა მიაქციონ ყურადღება საგანმანათლებლო დაწესებულებებმა

იმისათვის, რომ საჯარო გადაწყვეტილება სწორად იქნას გამოყენებული, სასწავლებლებმა უნდა უზრუნველყონ:

  • ხელშეკრულებებში მკაფიოდ აისახოს, რომ ტრანსპორტირებისა და კვების მომსახურება ხორციელდება საგანმანათლებლო დაწესსებულების სახელით;
  • ბუღალტრულ აღრიცხვაში შესაბამისი ოპერაციები სწორად კლასიფიცირდეს, როგორც განათლების მომსახურებასთან დაკავშირებული დამხმარე მომსახურება;
  • გადახედონ არსებულ მომსახურების კონტრაქტებს შესაბამისობის უზრუნველსაყოფად

DGN Consulting-ის გუნდი  დაეხმარება საგანმანათლებლო დაწესებულებებს:

  • მომსახურების ხელშეკრულებების ანალიზში;
  • საგადასახადო შეღავათების სწორად გამოყენებაში;

ფინანსური დოკუმენტაციის საქართველოს საგადასახადო კოდექსისთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში. 

გააზიარე

მსგავსი პუბლიკაციები